ხელფასი 1160 ლარიდან 8780 ლარამდე - როგორია პროკურატურის თანამშრომელთა ანაზღაურება
მიმდინარე წლის იანვრიდან როგორც ყველა საჯარო მოხელეს, პროკურატურის თანამშრომელთა ხელფასებიც 10%-ით გაიზარდა.

ამასთან, უწყების ცნობითვე, 1-ლი იანვრიდან 2%-ით გაიზარდა პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატი.

შესაბამისად, 2024 წლის იანვრიდან გენერალურ პროკურატურაში ხელფასები 1160 ლარიდან 8780 ლარამდე მერყეობს.

მათ შორის, ყველაზე მცირე ანუ 1160 ლარიანი ანაზღაურება არის გათვალისწინებული სტაჟიორის პოზიციაზე, სპეციალისტის ხელფასი - 1596-1862 ლარს შეადგენს; სხვადასხვა კატეგორიის მრჩევლის პოზიციაზე ანაზღაურება 1995-5320 ლარის ფარგლებშია; გამომძიებლისა და უფროსი გამომძიებლის 4520-4650 ლარია; პროკურორის და უფროსი პროკურორის 4110-4230 ლარს შეადგენს და ა.შ.

გენერალური პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 8 780 ლარს შეადგენს, პირველი მოადგილის - 8 250, ხოლო მოადგილის - 7 980 ლარია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო მოხელეთა ხელფასი ყოველწლიურად იზრდება 10%-ით.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება.

მისივე თქმით, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი საჯარო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს.

მინისტრის განცხადებით, ახლა ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იმისთვის გაიზრდება, რომ ეს პარამეტრები მიღწეული იქნას.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები