საქართველოს მთავრობამ ფერმერებს 66.1 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა 8 წელიწადში
საქართველოს მთავრობამ ფერმერებს 66.1 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა 8 წელიწადში, ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, აუდიტის სამსახურმა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარების და მართვის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აგროდაზღვევა საქართველოში 2014 წლის შემდეგ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. აუდიტის სამსახურმა განახორციელა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც მოიცავს 2014-დან 2021 წლის ჩათვლით პერიოდს.

"აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2014-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 73 მლნ ლარი. პროგრამაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებდა საშუალოდ 11,7 ათასი ბენეფიციარი, ჯამში − 95 ათასამდე პირი. პროგრამის შედეგად 33 847 დაზარალებულ ფერმერს აუნაზღაურდა 66.1 მლნ ლარის ზარალი, რაც გაცემული სადაზღვევო პრემიის 78%-ია; დადებითი ტენდენციის მიუხედავად, პროგრამა გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, კერძოდ:

2014-დან 2021 წლამდე დაგეგმილი იყო აგროდაზღვევით სასოფლო-სამეურნეო ფართობების და ფერმერების მოცვის მაჩვენებლების ეტაპობრივი ზრდა, თუმცა დაზღვევადი კულტურების მრავალფეროვნებისა და სახელმწიფო სუბსიდირების მაღალი წილის მიუხედავად, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი პროგრამის ფუნქციონირების განმავლობაში არსებითად არ გაზრდილა. დაზღვეული მიწის ფართობი მთლიანი მოსავლიანი მიწის ფართობის საშუალოდ 5%-ს შეადგენს.

აღნიშნული გარემოების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია რამდენიმე ძირითადი რეგიონისა და კულტურის ძალიან მაღალი (71%-იანი) წილი მთლიან სადაზღვევო პორტფელში. ეს კი, თავის მხრივ გულისხმობს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს მასშტაბით ფერმერებისთვის რელევანტური სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება და რეალიზაცია.

აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო სისტემა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება და მისი სრულფასოვანი ამოქმედებისთვის საჭირო ინფორმაციული, ორგანიზაციული და ტექნიკური ბაზის შექმნის პროცესი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს,"
- აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები