საქართველო ვენახის სიმჭიდროვით იტალიასა და საფრანგეთს უსწრებს
საქართველო ვენახის სიმჭიდროვით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) მიერ შედგენილ 43 ქვეყნის რეიტინგში წერია. კვლევა 2021 წლის მონაცემებს ასახავს და ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.

AAWE-ის თანახმად, საქართვეოლში 100 კაცზე 1,32 ჰექტარი, ანუ ერთ სულ მოსახლეზე 132 კვადრატული მეტრი (კვ.მ) ვენახი არის გაშენებული.

ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს იტალიას, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 121 კვ.მ ვენახი ფიქსირდება.

პირველ ადგილზე მოლდოვაა, რომლის ვენახების ფართობი 100 ადამიანზე 4 ჰექტარს შეადგენს. მეორე ადგილზე ესპანეთია, რომელიც ვენახის სიმჭიდროვით, თითქმის, ორჯერ ჩამოუვარდება მოლდოვას და 100 კაცზე ფართობი 2,03 ჰექტარს შეადგენს. პირველ სამეულს პორტუგალია ხურავს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 189 კვ.მ ვენახი არის გაშენებული.

ვენახის სიმჭიდროვით მსოფლიო ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:
  • მოლდოვა - ერთ სულ მოსახლეზე 400 კვ.მ
  • ესპანეთი - 203 კვ.მ
  • პორტუგალია - 189 კვ.მ
  • საქართველო - 132 კვ.მ
  • იტალია - 121 კვ.მ
  • საფრანგეთი - 119 კვ.მ
  • ბულგარეთი - 94 კვ.მ
  • რუმინეთი - 94 კვ.მ
  • საბერძნეთი - 92 კვ.მ
  • ახალი ზელანდია - 80 კვ.მ
მეზობელი თურქეთი 52 კვ.მ-ით მე-16 ადგილზეა, ხოლო რუსეთში ერთ სულ მოსახლეზე სულ 7 კვ.მ ვენახის ფართობი ფიქსირდება და ის 30-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ რუსეთთან შედარებით, უკრაინაში ვენახის სიმჭიდროვე ერთ სულ მოსახლეზე 2 კვ.მ-ით მეტია და 9კვ.მ-ს შეადგენს, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელია. ამით უკრაინა რუსეთზე ერთი პოზიციით წინაა და 29-ე ადგილზეა.

ცნობისთვის: AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები