მარნეულის კერძო კოლეჯები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებას არ იღებენ
მარნეულში მოქმედი კერძო კოლეჯები სახელმწიფოს მხრიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებას არ იღებენ. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო პრიორიტეტულ მიმართულებებს აფინანსებს, რომლებზეც კოლეჯის სტუდენტები უფასოდ ან ნაწილობრივი დაფინანსებით ისწავლიან.

როგორც ჩვენთან საუბრისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსმა მარიკა ზაქარეიშვილმა თქვა, სახელმწიფო პროგრამაში მოსახვედრად კერძო კოლეჯებმა გარკვეული განცხადებები უნდა შეავსონ.

„ის კერძო კოლეჯები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ სახელმწიფო პროგრამაში მოხვდნენ. შეავსონ ყველა დოკუმენტაცია, შეავსონ ანკეტა-კითხვარები და მოყვება სახელმწიფოს პროცედურებს, გარკვეულ მიმართულებებზე ისინიც მიიღებენ დაფინანსებას“ - გვეუბნება მარიკა ზაქარეიშვილი

ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებები ჯერ არ განუსაზღვრავს, რის გამოც ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პროგრამებზე შეეძლებათ ადამიანებს უფასოდ სწავლა. ამის შესახებ ინფორმაცია კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, ხოლო პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია, 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, 8 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები