სიახლე
"ტელესკოლა" - დისტანციური სწავლების ახალი შესაძლებლობა მოსწავლეებს



საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.  „ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. როგორც რადიო „მარნულთან“ მიცემულ ინტერვიუში განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას. მთავარი მიზანი კი ყველა მოსწავლისთვის განათლების ხელმისაწვდომობაა.

„ორშაბათიდან გავა უკვე გაკვეთილები  ეთერში. ხელმისაწვდომობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ ფართოდ დავგეგმეთ ეს პროექტი. მიზანია მოვიცვათ როგორც ეთნიკური უმცირესობები, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. ამ ეტაპისთვის, ყველა გაკვეთილი იქნება ჟესტურ ენაზე. ორშაბათიდან დაიწყება გაკვეთილების ჩაწერა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალი კვირიდან დაემატება საგნები სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე. მათ შორის იქნება ქართული, როგორც მეორე ენის საგანი“

ერთ კვირაზე მეტია, რაც განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუზიარა დისტანციური სწავლების პირველადი რეკომენდაციები, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი Microsoft office 365-ის პროდუქტების საკომუნიკაციო არხებად გამოყენება. როგორც ეკატერინე დგებუაძე გვეუბნება, ტელესკოლის დაწყება სულაც არ ნიშნავს მსგავს პლატფორმებზე უარის თქმას, მასწავლებლები არჩევანში თავისუფლები იქინებიან.

„იმის გამო, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ ვერ ვახერხებთ გაკვეთილების კლასში ჩატარებას, სისტემამ უნდა შესთავაზოს სკოლებს არა ერთი რამდენიმე მოდელი, იმისთვის რომ განათლების ხელმისაწვდომობა და ურთიერთობა სკოლასა და მოსწავლეს შორის არსებობდეს. ვცდილობთ რაც შეიძლება ბევრი ვარიანტი შევქმნათ იმისთვის, რომ არჩევანი გააკეთოს მასწავლებელმა და სკოლამ რომელი ტიპის სერვისს აირჩევს თავის მოსწავლესთან კომუნიკაციისთვის. ერთ-ერთი, რაც ხელმისაწვდომობის ყველაზე დიდ მასშტაბს დაფარავს არის სატელევიზიო სკოლა.“ - თქვა ეკატერინე დგებუაძემ და აღნიშნა, რომ უკუკავშირისათვის ასევე შესაძლებელია მობილური ტელეფონის გამოყენებაც.

ონლაინ სწავლების განხორციელება მოსწავლეებთან მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებელმა თმურ სუყაშვილმაც დაიწყო,თუმცა სირთულეებს შეხვდა მაშინ, როდესაც მოსწავლეთა ნაწილს კომპიუტერი ან ინტერნეტი არ ჰქონდა. იმედი აქვს, რომ ტელესკოლაში ახლა ყველა ჩაერთვება, თუმცა ამ ყველაფერში უდიდეს როლს მშობლებთან მიმართებაში ხედავს.

„ტელესკოლას აქვს თავისი დადებითი მხარეები, თუმცა აქ არის მეორე მხარე, რომ მოსწავლეებს არ აქვთ უკუკავშირის შესაძლებლობა. მშობლებზე იქნება განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გადატანილი, რომ ბავშვები დასვან ეკრანებთან და აყურებინონ გაკვეთილები შესაბამისად მშობლებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული თუ რამდენად გაამართლებს ეს პროექტი. მოვუწოდებ რადის მეშვეობით მარნეულელ მშობლებს, რომ იყვნენ ყურადღებით და აუხსნან თავიანთ შვილებს, რომ გარკვეული უნარები გამოიმუშავონ“


თემურ სუყაშვილი რამდენიმე ონლაინ პროგრამას მოსწავლეებისათვის უკვე იყენებს, იმედი აქვს რომ დიდ გამოცდილებასაც დააგროვებს და სამომავლოდაც აქტიურად გამოიყენებს.  

„ტელესკოლის“ პროექტში ჩაერთვებიან საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სატელევიზიო გაკვეთილებს ჩაუტარებენ. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება.

ტელესკოლის გაკვეთილების განრიგის ნახვა mes.gov.ge - ზეც იქნება შესაძლებელი.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესი გადაავადა.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია