მიწისძვრისას მიღებული დაზიანების გამო საიმერლოს საჯარო სკოლა დროებით დაიხურა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა მუმლაძემ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად ორ კორპუსს შორის დამაკავშირებელი დერეფანი დაზიანდა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში სწავლა განახლდა 15 თებერვალს. მანამდე, 7 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით, ვიყავით დისტანციურ სწავლებაზე კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. სამშაბათს დილით როდესაც მოვედით სკოლაში ვნახეთ პირველ სართულზე, პირველ კორპუსსა და მეორე კორპუსს შორის გამავალ ე.წ. ხიდში იყო ჩამოყრილი ბათქაში და საკმაოდ დიდი ხსნა ჰქონდა შენობას“.

საიმერლოს საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ დაზიანების აღმოჩენის შემდგომ განათლების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა. სკოლა 16 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. აღნიშნულ პერიოდში სპეციალისტები სკოლის მდგრადობას შეისწავლიან და მათი დასკვნის დადების შემდგომ გახდება ცნობილი განახლდება თუ არა საიმერლოს სკოლაში სასწავლო პროცესი 2 მარტის შემდეგ.

რადიო „მარნეული“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან ელოდება ინფორმაციას დაზიანდა თუ არა მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებიც მიწისძვრის შედეგად.

13 თებერვალს, 22:25 საათზე, დმანისში, სოფელ სამებასთან , 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა მარნეულშიც.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები