ნოვრუზობის დღეს მარნეულის ყველა საბავშვო ბაღი დაისვენებს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღები 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, დაისვენებენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ ქარიმოვმა განაცხადა, რომ ნოვრუზობას არასამუშაო დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს, 18 მარტს, მიიღეს.

"დღეს ვისაუბრეთ. სკოლებისაგან განსხვავებით, ამ დღეს ბაღები სხვა დღეს არ აანაზღაურებენ, უბრალოდ დასვენებაა. ბავშვები და თანამშრომლები დაისვენებენ, ეს მარნეულის ყველა ბაღს ეხება“. - აცხადებს ზაურ ქარამოვი

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნოვრუზის უქმე დღედ გამოცხადების მოთხოვნით განათლების სამინისტროს მიმართა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა აიგულ ისაევამ და ორგანიზაცია „მარიფი“- ს ხელმძღვანელობამ. ისინი წერილით ითხოვდნენ, რომ სკოლებში საგაზაფხოლო არდადეგების ვადები შეიცვალოს და 8-15 მარტის ნაცვლად, 18-25 მარტით განისაზღვროს. განათლების სამინისტრო კი აცხადებს, რომ ნოვრუზ ბაირამის დღეს დასვენება გამოცხადებული არაა, მაგრამ არსებული პრაქტიკის მეშვეობით, სკოლებს, რომლებიც ბაირამობას აღნიშნავენ, ამ დღეს დასვენება შეუძლიათ, მაგრამ გაცდენილი საათები სხვა დღეებში უნდა აანაზღაურონ.

2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები