გაძვირებული ბინების გამო სტუდენტები ჰიბრიდულ სწავლას და საერთო საცხოვრებლებს ითხოვენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სასწავლო პროცესის მთლიანად აუდიტორიაში გადატანას აპროტესტებენ და 2021-2022 სასწავლო წლის დასრულებამდე სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლას მოითხოვენ. ხვალ, 20 აპრილს, თბილისში სტუდენტები აქციას გამართავენ.

ხვალ გასამართ აქციასთან დაკავშირებით დღეს, 19 აპრილს, 21:00 საათზე, მოძრაობა „ხმა“ შეხვედრას გამართავს, სადაც სტუდენტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მოძრაობა „ხმა“-ს წევრი ანა კამლაძე აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე სტუდენტების მთავარი მოთხოვნა სააუდიტორიო სწავლების ნაცვლად სასწავლო პროცესის ჰიბრიდულ რეჟიმში დატოვებაა, რადგან სტუდენტთა უმრავლესობა რეგიონებიდანაა და მათ თბილისში ბინების ქირაობა უჭირთ.

„მოგეხსენებთ, თბილისში ძალიან ბევრი რეგიონიდან იყრის სტუდენტები თავს და მათ მუდმივი საცხოვრისი თბილისში არ აქვთ. შესაბამისად, მათ უწევთ რომ იქირაონ საცხოვრებელი, სხვა სტუდენტებთან გაიყონ გადასახადი და ა.შ. იმის გამო, რომ წლის ბოლოა, ბოლო ორი თვეა დარჩენილი სწავლის დასრულებამდე და აქამდე არ იყო არანაირი მოლოდინი და წინასწარი შემზადება, რომ ეს პერიოდი დასჭირდებოდათ სრულად სააუდიტორიო რეჟიმზე გადასვლა, სტუდენტებს თავისთავად აქვთ პრობლემა საცხოვრისთან დაკავშირებით. ამას ემატება უკრაინის კრიზისი და ის სიტუაცია, რომ საქართველოში განსაკუთრებულად არის გაძვირებელი საცხოვრებელი და ფაქტობრივად შეუძლებელია სტუდენტისთვის თან ბინის ქირაობა, თან თბილისში გადმოსვლა, მერე ზაფხული ახლოვდება და ვერ გადაიხდის ზაფხულზე ბინის ქირას, შემდგომ უკან უნდა დაბრუნდეს სექტემბერში, რადგან ახალი სასწავლო წელი იწყება. სტუდენტები ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან, ფინანსურადაც ვერ გაწვდებიან ამ ყველაფერს და ასევე დრო არაა ფიზიკურად რომ ამ თემებზე კონცენტრირდე“.

სასწავლო წლის დასრულებამდე სწავლების ჰიბრიდული მოდელზე გადასვლა სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა. სტუდენტები ასევე ითხოვენ სახელმწიფომ კარგად გაიაზროს სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მნიშვნელობა და შეიმუშაონ გეგმა, რომლის მიხედვითაც თბილისში თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებლები აშენდება.

თბილისში საცხოვრებლის შოვნა უჭირთ მარნეულელ სტუდენტებსაც. რადიო „მარნეულმა“ 18 მარტს მოამზადა სტატია „თბილისში ბინების გარეშე დარჩენილი მარნეულელი სტუდენტები“ სადაც რესპოდენტები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის გამო ბინების ქირის ფასმა საგრძნობლად მოიმატა, რის გამოც სტუდენტთა უმეტესობას უნივერსიტეტში სიარული მარნეულიდან უწევდათ, ან საერთოდ ვერ ახერხებდნენ ლექციებზე დასწრებას.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისა მოძრაობა „ხმა“-ს წევრი ანა კამლაძე აცხადებს, რომ სტუდენტების პირველი მოთხოვნა ადვილად შესასრულებელია, რადგან უნივერსიტეტებს უკვე აქვთ ჰიბრიდული სწავლების გამოცდილება, შესაბამისად დიდია მოლოდინი რომ უნივერსიტეტები მათ პირველ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. რაც შეეხება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, კამლაძე განმარტავს, რომ არ აქვთ მოლოდინი რომ სახელმწიფო მათ მოთხოვნას პირდაპირ დააკმაყოფილებს და უკვე დაიწყებს საერთო საცხოვრებლების მშენებლობას, მაგრამ თვლის რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვის დაწყება მნიშვნელოვანია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები