2021 წელს მერის ჯილდო ერთმა წარჩინებულმა სტუდენტმა მიიღო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წელს წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოება დაიწყო. ამავე წელს მუნიციპალიტეტმა 1000 ლარით მხოლოდ ერთი სტუდენტი წაახალისა. მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა გიორგი ფარჯიანმა გვითხრა, რომ  ადგილობრივ თვითმმართველობას 1000 ლარიანი წამახალისებელი ჯილდოს მოთხოვნით,  ხუთმა სტუდენტმა მიმართა, თუმცა შესაბამისი კრიტერიუმები მათგან მხოლოდ ერთმა დააკმაყოფილა.

„გასულ წელს სულ ხუთი განაცხადი იყო მიღებული. ხუთივე იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. აქედან მხოლოდ ერთი დაჯილდოვდა, სპეციალური კრიტერიუმებია, ერთ-ერთი მაღალ ქულებს გულისხმობს,  95 ქულა უნდა ჰქონდეს ყველა საგანში და მხოლოდ ერთმა დააკმაყოფილა ეს კრიტერიუმი. განცხადებების მიღება ნოემბრის თვიდან იწყება და შეუძლიათ მოგვმართონ სტუდენტებმა“ - ამბობს გიორგი ფარჯიანი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ჯილდო გადაეცემა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს (არანაკლებ 95 ქულიანი შეფასება ყველა საგანში), რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებს 1 წლის განმავლობაში უწყვეტად არის რეგისტრირებული მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება მარნეულის მუნიციპალიტეტი.

სტუდენტმა ჯილდოს მიღების მიზნით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) საქართველოს პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 1 წლის მონაცემით) რეგისტრაციის  ადგილის შესახებ;

დ) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ე) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აკადემიური მოსწრებისა (წინა წლის) და სემესტრში გავლილი საგნების შესახებ.

ვ) იძულებით გადაადგილებულა (დევნილი) პირმა - დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ზ) საბანკო რეკვიზიტები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები