მარნეულის მერიამ დრონი 4 999 ლარად შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ აერო გადაღებისათვის დრონი შეისყიდა. მარნეულის მერიამ დრონის შეძენისათვის გამარტივებული ხელშეკრულება შპს „კოპტერ ტექ“-თან გააფორმა.

მარნეულის მერ კენან ომაროვს დრონის შესყიდვის თხოვნით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ჭიკაძემ მიმართა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ჭიკაძე განმარტავს, რომ სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე მერიას დრონის დაქირავება უწევდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მისი შეძენა.

„დრონის შესყიდვის მიზნობრიობა ჩვენ დიდი ხანია გვიდგას, რადგან დიდ ღონისძიებაზე როგორიცაა, მაგალითად 26 მაისი, ნოვრუზ ბაირამობა, ახალი წელი და სხვადასხვა აქტივობებზე, გვიწევს ხოლმე დრონის დაქირავება. ამიტომ, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ პირადად გვქონოდა და უფრო ნაკლებ ფასში გამოსულიყო ეს მომსახურება“. - აღნიშნავს დავით ჭიკაძე

მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, დრონი მერიამ უკვე შეიძნია და დღეს, 3 ივნისს, ან მომდევნო კვირის დასაწყისში ის უკვე მერიაში იქნება.

გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერიის მიერ შეძენილი დრონი შემდეგ მონაცემებს შეიცავს:
  • ფოტო გადაღება: არნაკლებ 48MP;
  • ვიდეო გადაღება: არანაკლებ 4K/60fps;
  • ფრენის მანძილი: არანაკლებ 6კმ;
  • ფრენის ხანგრძლივობა: არანაკლებ 34 წთ;
  • მხარდაჭერა FocusTrack, HDR, ფოტო, ვიდეო, პანორამა 8K hyperlaps;
  • ოფიციალური გარანტია არანაკლებ 12 თვე
მარნეულის მერიამ შპს „კოპტერ ტექ“-ისაგან დრონის შესაძენად 4 999 ლარი დახარჯა.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები