ბავშვებმა სკოლამდელი საფეხურიდან უნდა დაიწყონ ქართული ენის სწავლა - განათლების სამინისტროს ბილინგვური პროგრამის ხელმძღვანელი
დღეს, 13 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ სკოლამდელი განათლების ჯგუფის ბავშვებმა სხვადასხვა სიმღერექბი და ლექსები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე შეასრულეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი აცხადებს, რომ ღონისძიება პროექტ „საქართველოს განათლების სისტემაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე არსებული უთანასწოროების შემცირება პოზიტიური პრაქტიკების შექმნისა და ადვოკატირების გზით“ ფარგლებში გაიმართა.

„პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორობით. უკვე რამდენიმე თვეა დავიწყეთ პროცესი. პროექტის მთავარი მიზანია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის კომფორტული სივრცე შევქმნათ. ჩვენ მომავალში ვაპირებთ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში იგივე პროექტის, იგივე მოდელის დანერგვას. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ყველა სოფელში იყოს ბაგა-ბაღები. კარგად ვიცით, რომ ახლო მომავალში ყველა სოფელში ბაგა-ბაღების აშენება რთულია, ამიტომ კარგი იქნება თუ სკოლების ბაზაზე გამოიყოფა ერთი ოთახი, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები მიიღებენ განათლებას“. - განაცხადა ქამრან ეფენდიევმა

„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, ბავშვები ცენტრში ქართულ ენასთან ერთად სწავლობენ კომუნიკაციას და ხდება მათი სოციალიზაცია, რათა სკოლის დაწყება უფრო მეტად გაუადვილდეთ. დღეს გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განათლების სამინისტროს ბილინგვური პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო გურგენიძემ განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის შესწავლას შეეხება.

„დღეს მოვხვდი ზუსტად იმ ადგილას სადაც უნდა ვიყო, როდესაც დედაენის დღე აღინიშნება ხვალ, ასეთი არაჩვეულებრივი დღესასწაული ჩვენს ქვეყანაში. მოგვიწვიეს ამ პატარა სათემო ცენტრში რომელიც მთელი სოფლისთვის და რაიონისთვისაც ძალიან მნიშნველოვანია იმიტომ, რომ ქართული ენის განვითარებას და გაძლიერებას უწყობს ხელს. გარდა ამისა ძალიან მნიშნველოვანია, რომ სკოლამდელი ასაკიდან ბავშვები იწყებენ ერთის მხრივ ენასთან სიახლოვეს და რა თქმა უნდა იძენენ იმ უნარებს რომლებიც სკოლისათვისაა საჭირო. ჩვენი მხრიდან, როროგრც სამინისტროს წარმომადგენლები, ვახორციელებთ პროექტს ბილინგვური განათლების მიმართულებით რომელიც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ბავშვებმა სკოლამდელი საფეხურიდან დაიწყონ ქართული ენის სწავლა“.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სამინისტოსა და „ახალი აზროვნების ინსტიტუტს“ შორის თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და სამინისტრო მხარს უჭერს ყველა სათემო ორგანიზაციას, რომელიც მოქალაქეთა განვითარებაზე და ქართული ენის შესწავლაზე მუშაობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები