შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეზღუდული გარემო -დისკუსია მარნეულში
დღეს, 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, მარნეულში დისკუსია გაიმართა. ღონისძიება პლატფორმა „სალამი“-ს და სოციალური სამართლიანობის ცენტრი"-ს ორგანიზებით თამარის ტბებზე გაიმართა.

პანელური დისკუსია სამ ნაწილად დაიყო და პირველი სესიაზე შშმ პირებს, ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტიდან მიეცათ შესაძლებლობა ესაუბრათ მათ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. როგორც დისკუსიაში მონაწილე, შაბან მამედოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის ადაპტირება და სურვილი აქვს, რომ შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომის მექანიზმი.

„დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა კიდევ ერთხელ მივაწოდოთ აქ დამსწრე საზოგადოებას, აქ მყოფ ორგანიზაციებს, რომლებიც იმედი მაქვს რომ გაითვალისწინებენ ჩვენს ყველა საჭიროებას და მთელს საქართველოს და მთელს მსოფლიოს (შევახსენებთ) რომ ჩვენ აქ ვართ, ამ საზოგადოების ნაწილი ვართ. იმედი მაქვს, რომ საქმითაც გაკეთდება ის, რასაც დღეს აქ ვილაპარაკებთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინფრასტრუქტურის ადაპტაცია, რომელიც თბილისში არც თუ ისე სახარბიელოა და მარნეულში ხომ საერთოდ. არა მხოლოდ მარნეულში, სოფლებშიც არ გვაქვს ამ მხრივ რაიმე სახის განვითარება. მე ვისურვებდი შეიქმნას ინდივიდუალური მიდგომის მოდელი, რაც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ზოგად კონტექსტში განიხილოს ყველა შშმ, რომელიც არის მეორე ჯგუფის შშმ პირი, ან პირები ჯგუფის, არამედ მოხდეს ინდივიდუალური მოდელის შექმნა, რაც მიზნად ისახავს ასისტენტს, დამხმარეს თუ ტრანსპორტს“ - გვითხრა შაბან მამედოვმა.



ღონისძიებაზე დამსწრე შშმ პირი,ორგანიზაცია "ხარი ბულბულის" თავმჯდომარე, ჰამზა გულიევი, გვიყვება, რომ მათი პრობლემებით მხოლოდ არჩევნებზე ინტერესდებიან. პრობლემაა არაინფორმირებულობის კუთხითაც.

„სახელმწიფო პირების ხანდახან ფიქრობენ, რომ შშმ პირებს ბევრი რამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მაგალითად, სმენის პრობლემის მქონე პირზე ფიქრობენ, რომ ვესაუბროთ ვერ გაიგებსო, მხედველობის პრობლემის მქონე პირებზე ფიქრობენ, რომ ეს ვერ დაგვინახავს. ეს ასე არ არის. ეს ყველაფერი კანონის შესახებ არაინფორმირებულობის არ ქონის გამო ხდება. მე ვფიქრობ, ინფორმაცია არ აქვთ კანონზე. მოქალაქეები არ არიან საზოგადოებაში ინტეგრირებული. მე ღონისძიებებზე სახელმწიფო პირებთან საუბრისას ვამბობ, რომ კანონები ხალხამდე ვერ მიდის. 2 თვის წინ ორგანიზაცია სალამთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი. იქ კონგრესის წარმომადგენელი იყო, კითხვა დასვა რომ 70 ათასი თანხა იყო დახმარების სახით გამოყოფილი და მიიღეთო? ვუპასუხე, რომ არ მიგვიღია და როდესაც მიპასუხა რატომო, ჩემი პასუხი იყო რომ ინფორმაცია არ გვქონდა. ორგანზიაციებმა რომ ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ასეთი შეხვედრები, ჩატარდეს ძალიან კარგი იქნება, სწორედ ასეთ ღონისძიებებზე გაუზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას“ - გვიყვება ჰამზა გულიევი.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პლატფორმა „სალამის“ წევრი, აითაჯ ხალილი განმარტავს, დღევანდელი შეკრების მიზანი შშმ პირების საკითხების წამოწევა, მათი საჭიროებების უკეთ დანახვა და გადაჭრის გზების ძიებაა.

„ამ რეგიონში მუშაობის პერიოდში დავინახეთ, რომ შშმ პირები, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. თვითონ თემში არსებული სტიგმებს ემატება ისეთი საკითხები, რომლებიც ზოგადად საქართველოში მცხოვრებ შშმ პირებს აქვთ. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენს რეგიონში ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ან სამინისტროების დონეზე არ ხდება დაინტერესება. საკითხი არ არის აქტუალური და ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ საკითხი გავხადოთ აქტუალური და დავიწყოთ საუბარი რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გამოწვევებს აწყდებიან შშმ პირები. ორგანიზაციები გვყავს მოწვეული დავაინტერესოთ აქ მცხოვრები შშმ პირების გამოწვევებით“ -
ამბობს აითაჯ ხალილი.


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი მარიამ ჯანიაშვილი გვეუბნება, რომ ღონისძიების მთავარი მიზანი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ შშმ პირებთან დაკავშირებული ბარიერების კიდევ ერთხელ იდენტიფიცირებაა და იმ გზების მიგნება თუ რა ღონისძიებების გატარება სჭირდება თემს პრობლემების აღმოსაფხვრელად.

„სამი პანელისგან შედგება ღონისძიება. გვინდოდა ყველანაირი პერსპექტივა დაგვენახა. ერთი მხრივ საუბრობენ უშუალოდ ადგილობრივი შშმ პირები. ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის პლატფორმის დათმობა ვინაიდან ყველაზე უკეთ მათ იციან რა პრობლემებიც აქვთ. მეორეს მხრივ უფლებადამცველი ორგანიზაციები ვსაუბრობთ ჩვენი საქმიანობის დროს იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე. ამ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად დგება ენობრივი ბარიერის პრობლემა და ამის პარალელურად სახელმწიფოს უმოქმედობა, რაც საბოლოო ჯამში შშმ პირებს, რომლებიც კიდევ დამატებით მოწყვლადობის მქონენი არიან , ამ შემთხვევაში ეთნიკურ უმცირესობებს, რიყავს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ყოფნისკენ. მესამე პანელის ფარგლებში საუბრობენ თბილისიდან და რუსთავიდან ჩამოსული ორგანიზაციები თავიანთი პერსპექტივებით. ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენს ის, რომ ვისაუბროთ პრობლემების მოგვარებაზე და დავაკავშირო ეს აქტივისტები ერთმანეთთან, რათა შემდგომ ერთობლივად განახორციელონ მაგალითად ადვოკატირების კამპანიები“ - გვითხრა მარიამ ჯანიაშვილმა



პანელური დისკუსიის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, თუმცა დისკუსიას თვითმმართველობიდან მხოლოდ ოპოზიცია ესწრებოდა. როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ლაშა ქველაძე ამბობს, მათი ფრაქცია შშმ პირების საკითხებზე მუშაობას გეგმავს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში შშმ პირები თავს გრძნობენ დაჩაგრულად, რადგან მათ არ უსმენს ადგილობრივი ხელისუფლება და როგორც თვითონ აღნიშნეს მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ ეს ადამიანები. მათ მიერ დასახელებული იყო უამრავი პრობლემა , როგორიცაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდუსების გაუმართაობა, განათლების პრობლემა, სახელმწიფო ენის არ ფლობა, დასაქმების პრობლემა, მერიაში არსებული შშმ პირთა საბჭო არ ახდენს მათთან სისტემატურ შეხვედრას და არ ფლობს ინფორმაციას მათი პრობლემების შესახებ. ის საკითხები რომლებიც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს აღნიშნულ საკითხზე ჩვენი ფრაქცია აუცილებლად ვიმუშავებთ და ვეცდებით შემჭიდროებულ ვადებში იქნეს აღმოფხვრილი“

აღსანიშნავია, რომ პანელური დისკუსიის პარალელურად, მარნეულის შშმ პირთა საბჭოს სხდომა იმართებოდა ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც ხუთი საკითხი განიხილეს.

პანელური დისკუსიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები