საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა
მხარდაჭერისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით,
აგრძელებს აქტიურ მუშაობას.
განათლების სამინისტროს ცნობით, სამინისტროს ინიციატივით,
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241
დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად არაქართულენოვანი
სექტორის მასწავლებლები პრაქტიკოსის სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის
ბოლომდე შეინარჩუნებენ და მათ კიდევ რამდენჯერმე მიეცემათ
კომპეტენციის
დადასტურების შესაძლებლობა.
„აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სექტორის
მასწავლებლებისთვის დამატებით შეთავაზებული იქნება მოსამზადებელი
კურსები, როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავების, ასევე ქართული ენის
ფლობის დონის ამაღლების მიმართულებით. ამასთან, ცვლილებების
შესაბამისად, ისინი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ისარგებლებენ
დადგენილებით გათვალისწინებული იმ პირობებით, რითაც პრაქტიკოსი
მასწავლებლები სარგებლობდნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო ახორციელებს მასწავლებელთა პორტფოლიოების შეფასების
პროცესს, რომელიც ზაფხულში დასრულდება. შეფასების შედეგების
საფუძველზე მასწავლებლებს შესაბამისი (წამყვანის ან მენტორის) სტატუსი
2023 წლის 1 სექტემბრამდე მიენიჭებათ“, - ნათქვამია
გავრცელებულ ინფორმაციაში.