მერია 5 მარნეულელ სპორტსმენს ფულადი ჯილდოთი წაახალისებს.
გადაწყვეტილება დღეს, 21 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
საუბარია სპორტსმენებზე, რომლებმაც ახლახან საზღვარგარეთ ჩატარებულ
ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზეს. მარნეულის საკრებულოს
თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება
მიულოცა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს თვითმმართველობისგან 5 000
ლარი გადაეცემა.
“ძალიან წარმატებული თვე გვქონდა სპორტული მიმართულებით. აქ
არიან წარმოდგენილები ჩვენი სპორტსმენები, რომლებსაც მინდა მივულოცო
გამარჯვება. დიდი წარმატებაა ეს ჩვენთვის. ადგილობრივი
თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ბატონ კენანთან ერთად მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ წავახალისოთ ჩვენი სპორტსმენები ფულადი სახით 5
000 ლარის ოდენობით. „ - თქვა ამირან გიორგაძემ.
გიგლა წიფიანი, სანდრო იაკობაშვილი, თამაზ ბოჭოიძე, გიორგი მირზოიანი
და კოტე კაპანაძე - ესენი არიან ის სპორტსმენები, რომლებსაც მერია
ფულად ჯილდოს გადასცემს. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას
სპორტულის სკოლის ხელმძღვანელმა, მამუკა ნავერიანმა თითოეული
სპორტსმენის მიღწევაზე ისაუბრა.
„სლოვენიაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ვეტერან ძიუდოისტებს შორის,
სადაც ბატონმა გიგლა წიფიანმა და სანდრო იაკობაშვილმა იასპარეზეს
წარმატებით და გახდნენ ჩემპიონები. მინდა მივულოცო ეს წარმატება.
პრაღაში ჩატარებულ ევროპის ღია ჩემპიონატზე ძიუდოში წარმატებით
იასპარეზა ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა წარმატებულმა მოსწავლემ
კოტე კაპანაძემ და იგი გახდა ჩემპიონი. ასევე, თქვენ იცით, რომ
მოლდოვაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც წარმატებით
იასპარეზა ჩვენი მუნიციპალიტეტის სპორტსმენმა თამაზ ბოჭოიძემ. იგი
გახდა ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. ასევე ლატვიაში ჩატარდა ევროპის
ღია პირველობა, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩვენმა წარმატებულმა
სპორტსმენმა გიორგი მირზოიანმა და გახდა ჩემპიონი. მე მინდა მადლობა
ვუთხრა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს.“
21 ივნისს ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით
გათვალისწინებული სულ 9 საკითხი განიხილეს. ცხრავე საკითხზე
დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.