ცხოვრება შიშში - მარნეულში ავნების ჩამონგრევის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარნეულში ნარიმანოვის ქუჩაზე არსებული კორპუსის აივნის ჩამონგრევამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საცხოვრებელს დღემდე ემჩნევა ტრაგედიის კვალი.



ჩამოშლილი აივნების, დაბზარული კედლების და ამორტიზებული კიბეების ავლის შემდეგ აკიფ ბაირამოვის ბინაში მოვხვდით, სადაც ნათესავები აკიფის დედის, რაია ალიევას წლისთავზე შეიკრიბნენ. ბაირამოვი გვიყვება, რომ უბედური შემთხვევის შემდეგ არაფერი შეცვლილა, საცხოვრებელი კორპუსი დღითიდღე უარესდება და მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება.

„ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც დედაჩემი მეხუთე სართულის აივანის ჩამონგრევას ემსხვერპლა.  ჩვენთვის ციხეში ყოფნას ჰგავს ამ კორპუსში ცხოვრება. გარეთ შიშით ვერ გადიხარ, ჰაერს ვერ სუნთქავ. ნახეთ, რა დღეშია, სახლი, თუ ამას სახლი ჰქვია... მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობთ. რამდენჯერ მივმართე მერიას, აივანი მაინც გააკეთეთ-თქო, აივანი არ გაკეთდება ავარიულ მდგომარეობაშიაო კორპუსი,ახალი უნდა აშენდესო. ველოდებით მაგ დღეს. აქ ცხოვრება ცხოვრება არაა, დილიდან საღამომდე ვმუშაობ, სახლში ხალხი დასასვენებლად მიდის, მე სანერვიულოდ მივდივარ. დღეში 3-4 საათი თუ მძინავს. მე და ჩემი და ერთმანეთს ვეუბნებით ხოლმე, რა დავაშავეთ ასეთი რამ რომ მოხდა ჩვენ თავს. ასე კი არ ვცხოვრობდით ჩვენ. სითბო გვქონდა გულში, სახლში რომ მოვდიოდი, დედა მხვდებოდა, სახლი მქონდა თბილი, ახლა გაყინულია ყველაფერი. მარტო ვარ, ჩემი და მოდის ხოლმე ჩემთან რომ ეს ამბები გადამატანინოს“
- გვიყვება ბაირამოვი.


აკიფ ბაირამოვი ამბობს, რომ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება ადამიანებს რისკის ფასად უწევთ. არაერთხელ მიუმართავთ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, თუმცა ერთი წლის თავზე მათი პირობების გასაუმჯობესებლად არაფერი შეცვლილა.



„ეს ასე რომ გაგრძელდება, ტრაგედია განმეორდება. ჩვენთან აივანი ინგრევა, ვერ გადიხარ. მე არ მინდა რაც ჩემს თავს მოხდა, იგივე სხვასაც დაატყდეს. ასე რომ გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ, რომ განმეორდება. ეს დრო შორს არაა. ძალიან გვინდა რამე გვეშველოს. გასაკეთებელი თუა გააკეთონ, დასანგრევი - დაანგრიონ. ასეთი შიშით ცხოვრება მართლა არაა ცხოვრება. მერიაში კი მითხრეს დასანგრევი არის კორპუსიო, მაგრამ როდის, ზუსტ თარიღს არ მეუბნებიან. ისეთი შიში გვაქვს, ჩემი და რომ მოდის აივანზე ვერ გავდივართ, სულ აქ ვართ, ოთახში გამოკეტილები“
- თქვა აკიფ ბაირამოვმა.



აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ რამდენიმე თვის წინ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას გამაგრება-გაძლიერებით სამუშაოები ესაჭიროება.  კორპუსის რეაბილიტაციისათვის 2 121 737 ლარიანი ტენდერი თვითმმართველობამ 2022 წლის 18 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას მიუღია, რის გამოც ის არ შედგა. 2023 წლის ბიუჯეტში მარნეულის მერიამ ჩამონგრეული აივნების კორპუსის რეაბილიტაციისთვის 1 715 500 ლარი გამოყო. რადიო მარნეული მერიაში ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს როდის იგეგმება კორპუსის რეაბილიტაცია. პასუხის მიღებს შემთხვევაში მასალა განახლდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები