სასკოლო ლიგაში გამარჯვებულ N6 საჯარო სკოლას მერია სპორტულ ეკიპირებას შეუძენს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სასკოლო ლიგაში გამარჯვებულ N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სპორტულ სამოსს შეიძენს. 1000 ლარით კი მწვრთნელს დააჯილდოებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 29 ივნისს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ აღნიშნა, ტურნირი მინი ფეხბურთში საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა და გამარჯვება ქვემო ქართლის მასშტაბით მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

„ჩატარდა სასკოლო ლიგა ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას იღებდა მარნეულის N6საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ მიაღწიეს წარმატებას და ჩემპიონები გახდნენ. მე მინდა მოგილოცოთ ეს გამარჯვება. მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს. მათ შორის ქვემო ქართლის ადმინისტრაციას. ჩვენ მარნეულის მერთან ერთად გადავწყვიტეთ ჩვენი ახალგაზრდებისათვის გამოიყოს თანხა, რათა შევიძინოთ სპორტული სამოსი იმისათვის, რომ ტურნირში გამარჯვებულები აგრძელებენ შეხვედრებს, თბილისში ჩატარდება მომდევნო შეჯიბრი და გვინდა ,რომ ისინი სრულად იყვნენ აღჭურვილი“ - თქვა ამირან გიორგაძემ .

მარნეულის მერიის ინფორმაციით, კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით „ქვემო ქართლის სასკოლო ლიგა 2023“ ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ოცმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

29 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სულ 4 საკითხი განიხილეს. ყველა მათგანზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები