მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. ცვლილებებს მხარი 29 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს. საკითხი განსახილველად მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარმომადგენელმა, ლარისა გელაშვილმა გამოიტანა და თქვა, რომ ეკონომიების ხარჯზე გაიზარდა მერიის სარეზერვო ფონდი. თანხა დაემატა სპორტული ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულ ჯილდოებს და 15 000 ლარი გამოიყო მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასისათვის.

„მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი იზრდება 100 000 ლარით. საჭირო თანხა გამოთავისუფლდება ეკონომიის ხარჯზე, მუნიციპალიტეტის მერიის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლიდან. ასევე, იზრდება სპორტული ღონისძიებების სხვა ხარჯების მუხლი სხვადასხვა ჯილდოების და პრიზების გადასაცემად ფონდი გავზარდეთ 10 00 ლარით. ასევე ერთი ცვლილება არის 15 000 ლარის სუბსიდიას ვამზადებთ მარნეულის კულტურის ცენტრისთვის. როგორც იცით, თეატრალურმა დასმა მოიპოვა გარკვეული გამარჯვება და სუბსიდირებას ვაკეთებთ. ამ 15 000 ლარის მოძიება მოხდა კულტურის სფეროს ღონისძიებების მუხლიდან. დაბალანსდა ბიუჯეტი ცვლილებებით, ეკონომიის ხარჯზე.“ - თქვა ლარისა გელაშვილმა

29 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სულ 4 საკითხი განიხილეს. ოთხივე მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

განხილული იყო შემდეგი საკითხები:
  • ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის N07-322311746 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 16 მაისის N07-3223136186 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
  • სოციალური საკითხები.

გარეკანის ფოტო:მარნეულის საკრებულო
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები