მარნეულის N1 საზაფხულო სკოლაში მოსწავლეებისთვის ქართული ენის გაკვეთილები ტარდება
მარნეულის N1 საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს. სასწავლო კურსი ამავე სკოლის მოსწავლეებისთვისაა გათვლილი. როგორც სკოლის დირექტორი, ქეთევან მერაბიშვილი რადიო "მარნეულთან" საუბრისას ამბობს, ამ ეტაპზე 20 მდე საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეები ჰყავთ, რომლებსაც ქართულ ენაში დამატებით ამეცადინებენ.


"მოგეხსენებათ, პედაგოგს ყოველ გაკვეთილზე ევალება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკვანძო კომპეტენციების განვითარება, რადგან ეს კომპეტენციები თანაბრად საჭიროა ყველა საგნის შესასწავლად. რეალობა გვიჩვენებს, რომ საგაკვეთილო აქტივობებს შორის ამ შედეგზე ორიენტირებული აქტივობები იშვიათად გვხვდება ან ეფექტურობით არ გამოირჩევა.
საზაფხულო სკოლის ფორმატი კარგ შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, შეადგინოს პროგრამა, რომელიც ამ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. საზაფხულო სკოლა უმთავრესად სოციალურ მიმართულებას მოიაზრებს. მაგალითად, მან შესაძლოა მიზნად დაისახოს ისეთი სოციალური კომპეტენციის განვითარება, როგორიც არის სხვადასხვა გარემოში კონსტრუქციული კომუნიკაციის უნარი. აღსანიშნავია, რომ გარდა ჩამოთვლილი უნარების განვითარებისა ჩვენთან არსებული საზაფხულო სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებს ქართული ენის შესწავლაში და განვითარებაში"

საზაფხულო სკოლა N1 საჯარო სკოლაში 1 ივლიის გაიხსნა და ის ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. მოსწავლეებს ამავე სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი ჯულიეტა ქვარაია ამეცადინებს.


ყდის ფოტო: მარნეულის #1 საჯარო სკოლის ფეისბუქ გვერდი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები