“ხელფასი მას არ ჩამოჭრია იმის გამო, რომ რელიგიური დღესასწაული იყო“ - ირაკლი ქადაგიშვილი ტარიელ ნაკაიძის განცხადებას პასუხობს
“ხელფასი მას არ ჩამოჭრია იმის გამო, რომ რელიგიური დღესასწაული იყო. ხელფასი ჩამოეჭრა იმის გამო, რომ მან გააცდინა პარლამენტის სხდომა“ - ასე ეხმაურება ტარიელ ნაკაიძის განცხადებას საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებას, რომ მას ყურბაინ ბაირამზე პარლამენტის სხდომის გაცდენის გამო ხელფასის 10%-ი ჩამოაჭრეს. რადიო „მარნეული“ პარლამენტიდან კომენტარს ოთხი დღის განმავლობაში ელოდა. როგორც დღეს ჩვენთან საუბარში ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, ამ საკითხის რელიგიასთან დაკავშირება არასწორია.

„პარლამენტის სხდომის გაცდენა რა შემთხვევაში ითვლება საპატიოდ, ამაზე რეგლამენტში არის ძალიან მკაფიო განმარტება. პარლამენტის სხდომის გაცდენა რაიმე რელიგიური მიზეზის გამო, ეს მუსლიმური თუ ქრისტიანული თუ სხვა სარწმუნოებრივი დღესასწაული იქნება, ეს არ ითვლება საპატიო მიზეზად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეგლამენტი მკაფიოდ და ნათლად განსაზღვრავს რა შემთხვევაში ითვლება გაცდენა საპატიო მიზეზად. ასე რომ, ამ შემთხვევაში ამ საკითხის რელიგიურ დღესასწაულთან ან საერთოდ აღმსარებლობასთან დაკავშირება არ არის კორექტული. მე, როგორც ქრისტიანმა, თუ გავაცდინე რომელიმე ქრისტიანული დღესასწაულის გამო სხდომა, მე უნდა დამექვითოს შესაბამისად. ან თუ იუდეველმა ან სხვა რელიგიის მომხრემ გააცდინა პარლამენტის სხდომა და ის დღე არ არის დასვენების დღე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული და დასვენების დღეს სხდომა არ იმართება ხოლმე როგორც წესი, თუ არ არის საგანგებო სხდომა. აქედან გამომდინარე ეს არანაირ კავშირში არაა რელიგიურ თემასთან. ბატონმა ტარიელმა, როგორც პარლამენტი წევრმა, პირველ რიგში მან უნდა იცოდეს როგორი არის რეგლამენტის მოთხოვნა“ - განმარტავს ქადაგიშვილი.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, ყურბან ბაირამის დღესასწაულზე პარლამენტის სხდომების გაცდენის გამო 500 ლარი ჩამოაჭრეს. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში პარლამენტში საჯაროდ განაცხადა, რომ მისი კულტურისათვის მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნის გამო, სხდომების გაცდენა მოუწევდა, გარემოება არ გაითვალისწინეს და ჯარიმა მაინც დააკისრეს. პარლამენტარი ფიქრობს რომ ეს უთანასწორო და დისკრიმინაციულ მიდგომაა.

„27 ივნისს, როდესაც გაიმართა პარლამენტის პლენარული სხდომა, მე განვაცხადე, რომ 28 ივნისს არ ვიქნებოდი სესიაზე, რადგანაც ამ თარიღში იყო მუსლიმური დღესასწაული ყურბან ბაირამი. აქვე განვაცხადე, რომ აუცილებელია ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ რელიგიურ უმცირესობებს ჰქონდეთ საკუთარი დღესასწაულების აღნიშვნის საშუალება და ეს დღეები გამოცხადდეს უქმედ. ეს იყო პრინციპში ერთგვარი აქცია. სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა ამას გაითვალისწინებდნენ და საპატიო მიზეზად ჩათვლიდნენ, მაგრამ ის, რაც მომივიდა პასუხი მეილზე იქ კონკრეტულად არასაპატიო მიზეზად ითვლებაო და შესაბამისად მაქვს საფუძველი, რომ არ გაითვალისწინეს. ეს ჩემთვის არის უბრალოდ მნიშვნელოვანი და ერთადერთი თვალსაჩინო მაგალითი რატომ არის პრობლემა, მაგალითად, ერთ დომინანტურ რელიგიას აქვს თითქმის რამდენიმე დღე დღესასწაულად გამოცხადებული, უქმედ გამოცხადებული რელიგიური დღესასწაულები და არცერთ სხვა რელიგიურ უმცირესობებს არ აქვთ ამის შესაძლებლობა. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა ზოგადად კანონით. ეს არის არასწორი, თუ რომელიმე რელიგია სარგებლობს, როგორც მინიმუმ ერთი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულით უნდა ისარგებლოს სხვა რელიგიურმა უმცირესობებმაც. “ -
განმარტავს პარლამენტის წევრი

ტარიელ ნაკაიძე ახლა საქმის სამართლებრივ დავას და საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას გეგმავ, რომელსაც პარლამენტს, სავარაუდოდ, შემოდგომით წარუდგენს.

ამავე თემაზე: 500 ლარიანი "შესაწირი" პარლამენტს - შეუძლიათ თუ არა რელიგიურ უმცირესობებს სამსახურის გაცდენა დღესასწაულებზე



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები