სოციალური პროგრამის ფარგლებში სასწავლო გრანტის მოპოვებისთვის განცხადების მიღება დაიწყო - სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას დღეიდან იწყებს.

სახელმწიფო-სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღება დაიწყო ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

განცხადებები 2023 წლის 7 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, შემდეგ ბმულზე მიიღება: http://socreg.mes.gov.ge/login/

სამინისტროს ცნობით, 2023 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 14 კატეგორიას დაემატა კიდევ ორი კატეგორია – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები‘‘ და „პირები, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა‘‘ პროგრამის, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით‘‘ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, როგორც ბოშა მოზარდები‘‘.

მათივე ცნობით, გრძელდება წინა წლებში მოქმედი სოციალური კატეგორიების დაფინანსებაც:

• მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;

• სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;

• ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

• ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;

• მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;

• სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);

• სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;

• აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;

• სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;

• სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;

• ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;

• აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;

• საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.


წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები