ყიზლაჯლოს ბაღის დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერი ვერც მესამე ცდაზე შედგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ბაღისათვის გამოცხადებული ტენდერი ვერც მესამე ცდაზე შედგა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სააღმზრდელო დაწესებულების დარჩენილი სამუშაოების და ბაგა - ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის ახალი ტენდერი მეოთხედ 6 სექტემბერს გამოაცხადა.

დაახლოებით ორი წელია, რაც სააღმზრდელო დაწესებულების რემონტი მიმდინარეობს. მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება ვარაუდობდა, რომ ახალ სააღმზრდელო წელს ყიზილაჯლოს გარემონტებულ ბაღში შეხვდებოდნენ, თუმცა დაწესებულების გხსნის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

მარნეულის მერია ყიზილაჯლოს ბაღის რეაბილიტაციას 478`909 ლარად გეგმავს. ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 22-25 სექტემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული თანხით ყიზილაჯლოს ბაღში იგეგმება ლითონის ღობის და ჭიშკრის მოწყობა. ეზოში გაკეთდება სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ბილიკები დეკორატიული ფილებით, გამწვანება და სხვა.

თანხის 24%-ს ცენტრალური ბიუჯეტი, ხოლო 76%-ს ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები