მასწავლებლობა, როგორც შესაძლებლობა - მარნეულელი პედაგოგები პროფესიის მნიშვნელობაზე
25 წლის იყო ქამრან აფანდიევი, როდესაც სურვილი გაუჩნდა აეღო პასუხისმგებლობა, გაეაზრებინა მასწავლებლობის მნიშვნელობა და ესწავლა, რათა შემდეგ ესწავლებინა. სოფელ მოლაოღლის სკოლაში 2017 წელს ორენოვან დამხმარე მასწავლებლად მივიდა. ქამრანი ამბობს, რომ მასწავლებლობა უდიდესი შესაძლებლობაა და ამას მოსწავლეების წინაშე შვიდი წელია ამტკიცებს.

„სკოლა და ბავშვები მაძლევს დიდ ძალას. ბედნიერი ვარ მაშინ, როცა რამეს ვსწავლობ და ვასწავლი. ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი არსი არის მასწავლებლობა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგინებში ახალგაზრდა მასწავლებლების დიდი საჭიროებოებაა და მეც, ერთ-ერთი რიგითი მასწავლებელი ვემსახურები თემს, რეგიონს და ჩემს საქართველოს. ჩვენ კარგი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კრიტიკული ახალგაზრდობა უნდა გავზარდოთ სკოლაშ. ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ვალია. ამის შემდეგ ვფიქრობ., რომ ახალგაზრდას აქვს საჭირო უნარ-ჩვევა ჩააბაროს უნივერსიტეტში, გახდეს ქიმიკოსი ან ფიზიკოსი, მაგრამ თავდაპირველად უნდა იყოს კარგი საქართველოს მოქალაქე. მაგიტომაც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი საგანი მე და საზოგადოება. ვეცდები, ამ მიმართულებით გავაგრძელო ჩემი საქმიანობები. მასწავლებელი არის თემის განმანათლებელი და ამაზე დიდი პასუხისმგებლობა არაფერია, როცა მშობელი გენდობა და შვილს მომავალს განდობს. ეს ერთ მხრივ არის დიდი პასუხისმგებლობა, მეორე მხრივ უდიდესი შესაძლებლობა.“ - ამბობს ქამრან აფანდიევი

ქმარანი ახლა მარნეულის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელში, ხოჯორნის სკოლაში მუშაობს და მათმატიკას ასწავლის. ის მასწავლებლის ეროვბნულ ჯილდოზეა წარდგენილი და ხუთეულის წევრია.

მასწავლებლობას დიდ პასუხისმეგებლობად მიიჩნევს, ქართული ენის მასწავლებელი მაიკო კვენიაშვილი, რომელიც 11 წლის წინ შიდა ქართლიდან ქვემო ქართლში გადმობარგდა და სოფელ ხანჯიგაზლოში ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის შესწავლა დაიწყო.

„მასწავლებლობა დიდი ბედნიერება და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს მოსწავლეთა არამარტო განათლებაზე, არამედ მათ დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზეც. კითხვაზე, თუ რატომ ავირჩიე ეს პროფესია, მეც ბევრი ადამიანის მსგავსად პასუხი მაქვს ის, რომ მიყვარს ბავშვები. ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები. მათაც ვუყვარვარ და ეს ყველაფერი მათ თვალებში, ქცევაში იკითხება. ზუსტადაც, ჩემი მოსწავლეების სიყვარული მაძლევს მოტივაციას, რომ ვიყო მასწავლებელი. ჩემი აზრით, თუ ბავშვი გულწრფელად არ გიყვარს , ნამდვილი მასწავლებელი ვერასოდეს იქნები.“
- გვითხრა მაიკო კვენიაშვილმა

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან და მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები