როგორ შეძლებენ სტატუსშეჩერებული სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას - დადგენილება
საქართველოს მთავრობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების შესახებ დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოაქვეყნა.

დადგენილების თანახმად, წესი განსაზღვრავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ფინანსური დავალიანების საფუძველით/ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება ჩამოაწეროს. განათლების სამინისტრო დავალიანების მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს უნივერსიტეტების მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი და გავლილი სიების საფუძველზე გამოყოფს. სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.

„საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობდა საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, რომელსაც, ფინანსური დავალიანების საფუძვლით, 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი” - წერია დადგენილებაში.

დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფინანსური დავალიანების საფუძველი სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო ამ სტუდენტების მიერ უნივერსიტეტებისთვის გადასახდელი სწავლის საფასურის 20%-ს გადაუხდის.

წესი გავრცელდება 2023 წლის 15 სექტემბრიდან ამ წესის შესაბამისად წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები