საქართველო ინგლისურის ცოდნით ერთ წელიწადში 13 პოზიციით დაწინაურდა და რეგიონის ყველა ქვეყანას გადაუსწრო
საქართველო ინგლისური ენის ცოდნის EF-ინდექსით (English Proficiency Index-EF EPI) წელს 113 ქვეყნის რეიტინგში 32-ე ადგილზეა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კვლევა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოზრდილი ასაკის მოსახლეობაში ინგლისური ენის ცოდნის დონეს აფასებს.

ქვეყანამ EF EPI-ის საშუალო 502-ქულიანი გლობალური ინდექსის მიხედვით 541 ქულა მიიღო. ინდექსი მინიმალური 350 ქულიდან მაქსიმალურ 700 ქულამდე ვარირებს. ამდენად, საქართველო ინგლისური ენის ზომიერად (Moderate) მცოდნე ქვეყნების სიაში მოხვდა, ხოლო ცალკე აღებული ევროპის 34 სახელმწიფოს შორის 23-ე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში ცალკე არის მოცემული თბილისის რეიტინგი, რომელიც ინგლისური ენის ცოდნით ერთი საფეხურით ზევითაა და მაღალი, ანუ High-დონის ქალაქების ჩამონათვალშია. ამ სიაში თბილისი 551 ქულით 37-ე ადგილზეა.

მეზობელი და რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ინგლისური ენის ცოდნით წელს ყველას უსწრებს. კერძოდ, რუსეთი 532 ქულით 41-ე ადგილზეა, უკრაინა 530 ქულით 45-ე ადგილზე, სომხეთს 528 ქულით 48 პოზიცია უკავია. ისინიც, საქართველოს მსგავსად, Moderate დონის ქვეყნების სიაში არიან. უფრო დაბალი, ანუ Low-დონის ქვეყნების ჩამონათვალშია თურქეთი, რომელსაც 493 ქულით 66-ე ადგილი უკავია და აზერბაიჯანი, რომელიც 463 ქულით 83-ე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შემდეგ, ანუ ერთ წელიწადში საქართველო EF-ინდექსში 13 პოზიციით დაწინაურდა. გასულ წელს ქვეყანა იმავე Moderate დონის ქვეყნების სიაში 524 ქულით 45-ე ადგილზე იყო და ჩამორჩებოდა როგორც უკრაინას (35-ე), ისე რუსეთს (მე-40). ამასთან, 2022 წელს, წლევანდელი High-დონის ნაცვლად, Moderate-დონის ქალაქების ჩამონათვალში იყო თბილისი, რომელსაც 533 ქულით 46-ე ადგილი ეკავა.

კვლევას ყოველწლიურად კომპანია, EF Education First გლობალური გამოკითხვისა და ინგლისური ენის ცოდნის სპეციალური უფასო EF SET-ის ტესტის დახმარებით ატარებს.

წლევანდელი რეიტინგი ეყრდნობა მსოფლიოს 113 ქვეყანასა და რეგიონში მცხოვრები 2,2 მილიონი ადამიანის მონაცემებს, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. აქედან გამოკითხულთა 55% ქალი, 45% კი მამაკაცია. 99% 18-დან 60 წლამდე ადამიანია, ხოლო საშუალო ასაკად 26 წელი იყო მიჩნეული.

EF EPI-ის რეიტინგში წელს პირველი ადგილი ნიდერლანდებმა დაიკავა. სამეულში, ასევე, მოხვდნენ სინგაპური და ავსტრია.

ინგლისური ენის ცოდნის მიხედვით მსოფლიო ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:
  • ნიდერლანდები (647 ქულა)
  • სინგაპური (631)
  • ავსტრია (616)
  • დანია (615)
  • ნორვეგია (614)
  • შვედეთი (609)
  • ბელგია (608)
  • პორტუგალია (607)
  • სამხრეთ აფრიკა (605)
  • გერმანია (604)
ინგლისური ენის ცოდნის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (385 ქულა), შემდეგ ტაჯიკეთი (388), იემენი (392), ლიბია (392) რუანდა (405) საუდის არაბეთი (408) კოტ დ'ივუარი (409) ერაყი (410) სომალი (411) და ყაზახეთი (415).

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები