დღეს, 20 თებერვალს, მარნეულში კოლეჯ „მოდუსში“ პროექტის „კარიერული
მხარდაჭერა თანასწორობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს კოლეჯში და მუნიციპალიტეტში ინკლუზიური
გარემოს შექმნას და კარიერიული მხარდაჭერის სერვისების
გაძლიერებას.
პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში ამერიკის
საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ალან პერსლი, საქართველოს
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე
ალექსანდრე წულაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი
დოხტურიშვილი, მარნეულის საკრებულოს თამჯდომარე ამირან
გიორგაძე და
პარლამენტის დეპუტატები.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამერიკის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის
მოადგილემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს
საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას.
„მოხარული ვარ რომ დღეს ვიმყოფები აქ, პროექტის
„კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“ გახსნის ღონისძიებაზე,
რომელიც ხორციელდება პროფესიული განათლების კოლეჯ „მოდუსის“ მიერ და
დაფინანსებულია აშშ-ს საელჩოს მიერ. ასეთი სახის პროექტები არის
ადგილობრივი თვითმმართველობის, განმანათლებლების, აშშ-ს საელჩოს
ერთობლივი მუშაობის შედეგი, რათა დავეხმაროთ პროფესიული განათლების
განვითარებას მარნეულსა და მთელ საქართველოში. ამ პროექტის ერთ-ერთი
ასპექტი, რამაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, არის
საბავშვო ოთახის შექმნდა, რაც პროგრამებს ხდის უფრო ხელმისაწვდომს იმ
სტუდენტებისათვის ვისაც ბავშვები ჰყავს. პროფესიული განათლება ძალიან
დიდ როლს თამაშობს საქართველოში მუშახელის უნარების განვითარების
თვალსაზრისით. ჩვენ ბედნიერები ვართ ჩვენი თანამშრომლობით საქართველოს
მთავრობასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და გავაგრძელებთ
ასეთი სახის მუშაობას“. - განაცხადა ალან პერსლიმ
პროექტის ფარგლებში, კოლეჯში მოეწყო საბავშვო ოთახი, რომელიც აღიჭურვა
შესამაბისი ინვენტარით. სივრცე მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში
ჩართული ახალგაზრდა მშობლების ხელშეწყობას, რათა მათ შეძლონ
სრულფასოვანი განათლების მიღება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის
პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ შეხვედრაზე სიტყვით
გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანამ დიდი ნაბიჯი გადადგა
საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის.
„პროექტი, რომლის პრეზენტაციაზეც ვართ შეკრებილები ძალიან
მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით უმცირესობებით დასახლებული
რეგიონებისთვის. ზოგადად მთელი საქართველოსთვის კარიერული წინსვლის და
პროფორიენტაციის სისტემის პოპულარიზაცია, სწავლება, ქალთა ჩართულობა
ამ პროცესში და იგივე გენდერული თანასწორობის საკითხების მხარდაჭერა
დარწმუნებული ვარ იქნება უდიდესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის,
ამ რეგიონისთვის“. - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ
პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო რწმუნებულმა
ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში
პროფესიული განათლების მიღება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
„ყველაზე დიდი პრობლემა, ხშირ შემთხვევაში, არის
კვალიფიკაციის ნაკლებობა. რაღაც კონკრეტულ საქმესთან რომ მივდგებით და
საქმის კეთებას დავიწყებთ აღმოჩნდება რომ ირგვლივ მიმოვიხედებით და
შესაბამისი კადრის ნაკლებობა გვაქვს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა,
ქვემო ქართლშიც - მოდი ვაღიაროთ. ძალიან დიდი მადლობა იმ
შესაძლებლობისთვის რასაც ჩვენს რეგიონში, ჩვენი მოქალაქეებისთვის
აკეთებთ და ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით ამ კამპანიაში, რომელიც
გულისხმობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აქტიური კამპანიის ჩატარებას,
თუ რას აკეთებს და რა შესაძლებლობებს სთავაზობს მოსახლეობას კოლეჯი
„მოდუსი“. - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 11 თვიანი საინფორმაციო კამპანია
მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საჯარო სკოლებსა და
თემში, პროფესიული განათლების ცნობადობის და პროფესიული პროგრამების
იმიჯის ამაღლების მიზნით. საერთო ჯამში, საინფორმაციო შეხვედრები 40
საჯარო სკოლაში ჩატარდება და გარდა ამისა, მოეწყობა 40 სათემო
შეხვედრა, 18-35 წლის ასაკობრივ სამიზნე ჯგუფთან.
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის განცხადებით,
კოლეჯში ბავშვთა სივრცის გახსნა მნიშვნელოვანია ახალგაზრდა
დედებისათვის, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მიიღონ სრულფასოვანი
განათლება.
„მივესალმები მსგავსი პროექტების განხორციელებას. მოდუსში
დღეს სიახლე გვაქვს, გაიხსნა ბავშვთა კუთხე რომელიც შესაძლებლობას
მისცემს ახალგაზრდა დედებს მიიღონ სრულფასოვანი განათლება და ჩვენთვის
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ
განათლეაბ, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება, ჩვენი მოქალაქეების
კარიერული წინსვლა“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ
„კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“ 15 თვიანი პროექტია და
მოიცავს 20 კარიერული კონსულტანტის გადამზადებას ტრენერთა ტრენინგის
პრინციპით, კარიერული და პროფესიული ორიენტაციის და გოგონათა
განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.