დირექტორობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა - დოკუმენტი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დასრულდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატის ელექტრონული რეგისტრაცია.
სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც ასახულია რეგიონების მიხედვით სკოლების დასახელება და ამ სკოლებში დირექტორობის მსურველთა მხრიდან წარდგენილი განცხადებების რაოდენობა.

დოკუმენტის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დირექტორის თანამდებობა 1220 სკოლაშია ვაკანტური.

დოკუმენტის მიხედვით, 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე, მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი.

საერთო ჯამში 18 სკოლაა, სადაც დირექტორობის სურვილი არცერთმა კანდიდატმა არ გამოთქვა.

მოცემული დოკუმენტიდან არ ირკვევა საერთო ჯამში სულ რამდენმა პირმა გამოთქვა სურვილი დირექტორის კანდიდატურაზე.

ახალი წესის მიხედვით, გაუქმდება სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.

ამასთან, ახალი მიდგომით მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე.

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე რეგისტრირდება ელექტრონულად და უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს კომისიამ დირექტორობის კანდიდატად.

საჯარო სკოლის დირექტორის შერჩევის კონკურსის ახალ წესს კრიტიკულად აფასებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დირექტორობის ის კანდიდატები, რომლებსაც კონკურსის პროცესის გამჭვირვალობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ და თვეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს განათლების სამინისტროსთან.

ახალ წესში არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და განათლების მკვლევრების მოთხოვნა, რაც სამინისტროში შექმნილ კომისიასთან გასაუბრების ეტაპის გაუქმებას ითვალისწინებდა.

უფრო კონკრეტულად კი, მოთხოვნის მიხედვით, სერტიფიცირებულ კანდიდატს უნდა მისცემოდა ავტომატურად მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე და მისი შესაბამისობა უნდა გადაეწყვიტა მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭოს.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები