„ფანჯარა“ აგრძელებს მუშაობას იმ ღირებულებებისთვის რომლისთვისაც შეიქმნა - „საფარი“ „ფანჯარაზე“ განხორციელებულ შეტევაზე
ქალთა ფემინისტური ორგანიზაცია „საფარი“ პლატფორმა „ფანჯარა“-სა და მისი ბლოგერებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ორგანიზებულ შეტევას ეხმიანება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ “საფარი” დგას იმ ახალგაზრდა აქტივისტების გევრდით, რომლებიც იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, აზერბაიჯანელი თემის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.

„ბოლო რამდენიმე დღეა Pəncərə/ფანჯარა-ზე მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა რადიკალურად განწყობილი ჯგუფებისგან, მათ შორის არინ საჯარო მოხელეები და გარკვეულ რელიგიურ ორგანზიეციებს მიკუთვნებული პირები. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ისინი სოციალურ ქსელებში თავს ესხმიან Pəncərə/ფანჯარა-ს ახალგაზრდა ბლოგერებსა და აქტივისტებს, შეურაცხყოფას აყენებენ და აბულინგებენ მათ, რათა გააჩუმონ“. - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

„ფანჯარა“ ქართულ-აზერბაიჯანული პლატფორმაა, რომლის მიზანიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების საზოგადოებაში უკეთესი ინტეგრაციააა. „ფანჯარა“ „საფარის“ მიერ დაფუძნებული ფეისბუქ პლატფორმაა სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წევრი ახალგაზრდები საუბრობენ და განიხილავენ თემში არსებულ ისეთ პრობლემებს როგორიცაა, ადამიანის უფლებები, განათლების ხელმისაწვდომობა, ქალთა გაძიერება, აქტივიზმი და ა.შ.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “საფარი”, მისი პლატფორმები, ბლოგერები და მხარდამჭერები მსგავსი ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებული სივრცეები ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები რადიკალურად განწყობილი პირებისა თუ ჯგუფებისაგან. პატრიარქალური საზოაგდოების რეაქცია ამგვარია ქალებისა და გოგონების უფლებების მხარდამჭერასა და გაძლიერებაზე“. - აღნიშნულია „საფარის“ განცხადებაში

„საფარი“ აცხადებს, რომ „ფანჯარა“ აგრძელებს მუშაობას და იმ ღირებულებების მხარდაჭერას რისთვისაც პლატფორმა შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში „ფანჯარას“ მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა, სადაც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზეა საუბარი, გარკვეული ჯგუფების უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მასალები ადრეულ ასაკში სექსუალური ცხოვრების დაწყების პროპაგანდას ეწევა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები