One Caucasus-ი პანდემიის მიუხედავად მაინც ჩატარდა
სახელოვნებო და კულტურული სივრცეები, კინოჩვენებები და მუსიკა - 2020 წელს მარნეულში ფესტივალი One Caucasus-ი (ერთიანი კავკასია) კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად მაინც ჩატარდა.

უკვე მეექვსე წელია, მარნეულში ერთიანი კავკასია ყოველწლიურად იმართება, მუსიკოსები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მარნეულში, სოფელ წერაქვში იყრიან თავს და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სხვადასხვა ვორქშოფებსა და მუსიკალურ კონცერტებს ატარებენ. 2020 წელს One Caucasus-ი გარკვეულწილად შეცვლილი ფორმატით გაიმართა. უცხოელმა მუსიკოსებმა და მოხალისეებმა საზღვრების ჩაკეტვის გამო წერაქვში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, მაგრამ საქართველოს რეზიდენტებისა და ადგილობრივი მოხალისეების დახმარებით, ფესტივალის ორგანიზატორებმა One Caucasus-ის ქალაქის აშენება მაინც მოახერხეს.

„გლობალური პანდემიის ფონზე, ამ ფესტივალის გამართვა აპრილსა და მაისში წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან საქართველოში ვირუსის მიმართულებით ტრაგიკული სიტუაცია არ იყო ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რომ მცირე მასშტაბით მაინც განგვეხორციელებინა ეს პროექტი. დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოს დაავადებათა კონტროლის სამსახურთან და შესაბამის ინსტიტუციებთან, ვინც საქართველოში პანდემიურ სიტუაციაზეა პასუხისმგებელი და მოგვეცა იმის უფლება, რომ ეს ღონისძიება შემცირებული მასშტაბით განგვეხორციელებინა“ - გვითხრა One Caucasus ფესტივალის დირექტორმა საქართველოში ირაკლი მიქიანმა

One Caucasus 2020, წერაქვი

ფესტივალის მოსამზადებლად მოხალისეები და ორგანიზატორები წერაქვში რამდენიმე თვით ადრე ჩადიოდნენ, წელს კი ფესტივალის მოწყობისა და One Caucasus-ის ქალაქის აშენებისათვის ერთ თვეზე ნაკლები დრო ჰქონდათ.

„ბენდები ვერ ჩამოვიყვანეთ უცხოეთიდან, თუმცა მაინც ძალიან საინტერესო პროგრამა შევთავაზეთ მაყურებელს. ჩვენ უამრავ მუსიკალურ ჯგუფთან გვითანამშრომლია და ისინი მოვიწვიეთ. მაგალითად, გორდელამ გააკეთა ძალიან მაგარი შოუ ფესტივალის პირველ დღეს, მეორე და მესამე დღეს, უმაგრესი, ბედნი გვყავდა რომელსაც ჰქვია La Courbe Flottante, რომელიც არის ფრანკო-ქართულ-სომხური ბენდი და საინტერესო ისაა, რომ ამ ბენდთან ჩვენ დავაკავშირეთ მარნეულის კულტურის ცენტრის სოლისტი შაბან მამედოვი“ - გვითხრა ირაკლი მიქიანმა

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის კულტურის სახლის მუსიკალურმა ბენდებამა და სხვა მუსიკოსებმაც.

ფესტივალის პერიოდში დამსვენებლებისათვის პირბადეების ტარება სავალდებულო იყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს იცავდნენ ახალგაზრდებთან სხვადასხვა აქტივობების ჩატარების დროსაც.

ქეთუსი მიდელაშვილი ერთიანი კავკასიის ერთ-ერთი მოხალისეა. მან ფესტივალში მონაწილეობა წელს პირველად მიიღო.

ფესტივალს წელს ფინანსური პრობლემებიც შეექმნა. კორონავირუსის გავრცელების გამო, მარნეულის მერიამ ფესტივალის დაფინანსება ისე ვერ შეძლო, როგორც წინა წლებში. მოხალისეებმა და ორგანიზატორებმა მუსიკოსებისათვის სცენა თავიანთი ხელით შექმნეს.

One Caucasus 2020 მარნეულში, სოფელ წერაქვში, 27 აგვისტოს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ფესტივალზე დასწრება ყველა მსურველისათვის უფასო იყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია