ვინ არის თარჯიმანი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ორიგინალიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა

ქართველი მწერალის, პოეტის, მთარგმნელისა და ხელოვნებათმცოდნის, შოთა იათაშვილის რომანი „მოყვარული“ აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა.

იათაშვილის რომანი პოეტმა, მწერალმა, თარჯიმანმა და აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრმა იმირ მამედლიმ თარგმნა. „მოყვარული“ პირველი წიგნი არაა, რომელიც ქართულიდან აზერბაიჯანულზე მამედლიმ თარგმნა. მან ასევე გადათარგმნა ქართული ლიტერატურის ძირითადი განძი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. იმირ მამედლი წარმოშობით საქართველოდანაა. ის კასპის რაიონის სოფელ ფაშიანში (ახლანდელ ქალოუბანში) დაიბადა, საშუალო განათლება კი ზემო ხენდეკის სკოლაში მიიღო. საშუალო განათლების მიღების შემდეგ მამედლიმ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა, თბილისში გადასვლის შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის კომპანიაში, საქართველოს მწერალთა კავშირსა და გაზეთ „საბჭოურ საქართველოში“ იმუშავა.

იმირ მამედლი ამჟამად აზერბაიჯანში ცხოვრობს, ის ქართულ და აზერბაიჯანულ ენებს კარგად ფლობს რის გამოც წიგნებს ორივე ენაზე თარგმნის. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მემედლიმ განაცხადა, რომ თარგმნის პროცესში სირთულეებს არ ხვდება, რის გამოც მას მწერლები, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, საკუთარი ნაწარმოების თარგმნისათვის მიმართავენ.

„პარალელურად სულ მხატვრული თარგმნებით ვარ დაკავებული. ორივე ენა ვიცი ძალიან კარგად და ამიტომ თარგმნის დროს სირთულეები არ მხვდება. მე ბევრი წიგნი მაქვს თარგმნილი. ახლო ხანებში ვაჟა ფშაველას წიგნიც გამოვა. წიგნში შედის სამი პოემა - „ჭამა გველისა“, „ალუდა ქეთელაური“ და სტუმარ მასპინძელი“.

მწერლობასა და თარგმანთან ერთად მამედლი სცენარისტობითაცაა დაკავებული. ის ავტორია ისეთი ფილმების სცენარებისა, როგორიცაა „ბალგაბაგ“(გოგრა), „აზარქეში“ (თაყვანისმცემელი), „სოფელი გოვყალოს ღამეები“, „სოვგათ“, „მოდი თავიდან დავქორწინდეთ“, „კიოსკი“ და სხვა.

„ჩემი შემოქმედების ძირითადი მიმართულება არის წერა (ნოველა, მოთხრობა) და კინო-დარამატურგია. დღემდე ბევრი ფილმია ჩემი გადაღებული. მათგან ერთ-ერთი (სრულმეტრაჟიანი რომანტიკურლი კინო კომედია) სახელმწიფოს შეკვეთით არის გადაღებული. ერთი კი თურქეთის კინომოტოგრაფების მიერაა გადაღებული“.

მამედლი ბევრი წიგნის ავტორია და აზერბაიჯანულ ენაზე 9, ქართულ ენაზე კი 4 წიგნი აქვს დაწერილი.

იმირ მამედლიმ წინასწარმეტყველი მუჰამედის გამონათქვამები, იუნუს ემრეს ლექსთა კრებული, აშუღ ელესკერის ნამუშევრები და თანამედროვე აზერბაიჯანის პოეზიის ნიმუშები თარგმნა ქართულ ენაზე. ამჟამად აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიო კომპანიის რადიოს „ლიტერატურისა და ხელოვნების“ დეპარტამენტის დირექტორი და საქართველის მწერალთა კავშირში არსებული აზერბაიჯანის განყოფილების უფროსია.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები