"ჩვენთან ადგილობრ მუნიციპალიტეტში მიმართვისას თარჯიმანი უნდა მიიყვანო", - თოზუ გულმემადოვა

„ჩვენთან ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მიმართვისთვის აუცილებლად უნდა იცოდე ქართული ენა, ან თარჯიმანი უნდა მიიყვანო“- ამ ყველაფერს რადიო მარნეულთან საუბრისას ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი თოზუ გულმამედოვა ამბობს.


 

გულმამედოვამ 29 ივლისს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საგარეჯოს მერია ეთნიკური უმცირესობებისგან სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, მერიაში თარჯიმნით მისვლას ითხოვს.

თოზუ აცხადებს, რომ თუ ადგილობრივებს პრობლემები აქვთ და მერიაში მისვლა სჭირდებათ, თარჯიმანი უნდა იპოვონ. თარჯიმნის მომსახურება 50 ლარი ღირს. სხვა შემთხვევაში მათ პრობლემას არავინ მოუსმენს.

„საქმე იმაშია, რომ მერიაში არც ერთი აზერბაიჯანელი არ მუშაობს. უბრალოდ სოფლის გამგეობაში მუშაობენ. მაგრამ შენობაში აზერბაიჯანელი არაა. არც ერთ სტრუქტურაში არ ჰყავთ. მე თუ არ ვიცი ქართული ენა, აუცილებლად თარჯიმნით უნდა წავიდე. იქ არასდროს არ ყოფილა თარჯიმანი“

თოზუ ფიქრობს, რომ პრობლემების შექმნის მიზეზი რესურსების არასწორი განაწილებაა.

„მე თუ ერთი განცხადების დასაწერად 50 ლარს ვიხდი, ეს უსამართლობაა. სამართლიანობა, თანაბარუფლებიანობა - კანონში დავწერე, წადი, თანაბარუფლებიანი ხარო, ამის თქმით არ სრულდება. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება რომ თითოეული მოქალაქისთვის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის თანაბარუფლებიანი გარემო შექმნას. ჩვენ ვხედავთ,რომ აქ პრინციპი ირღვევა და ამისთვის არანაირ ნაბიჯს არ დგამენ. არასდროს არ უფიქრიათ ამაზე. საკრებულოს წევრები უბრალოდ ფორმალურად არიან“.

უფლებადამცველის თქმით, საკითხი საკრებულოს სხდომაზე დააყენა.

„ფიქრობენ, რომ ეს სისტემა ასე გაგრძელდება და ამაზე თვალს დავხუჭავთ. წინაზე ამაზე რომ ვისაუბრე მათ სახეზე შეეტყოთ, რომ შოკში იყვნენ. შენ როგორ ითხოვ ეგეთ რამესო. ეს მოთხოვნა იმდენატ აქტუალური არაა. სახელმწიფო ენის შესწავლისთვის მერიას არანაირი გეგმა არ აქვს რომ მოსახლეობას ენა ასწავლოს. წინაზე ამბობენ რომ ქართული ენის მასწავლებლები გვყავსო. ვეუბნები რომ 50 წლის კაცი, ქალი ქართულად კი არ სწავლობს სკოლაში. იმათმა საბჭოთა კავშირის დროს მიიღეს განათლება. ასე, რომ თქვენი ამომრჩევლების სერვისით სარგებლობისთვის მერიამ რამე ღონისძიება უნდა მოიფიქროს. ან სახელმიწფო ენა ასწავლოს. თუ ვერ ისწავლა, ეს ჩვენი პრობლემა იყოს. აზერბაიჯანულენოვანი თანამშრომელი მაინც აიყვანონ. აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას მაინც დაეხმარება“


თოზუ გულმამედოვა დღეს, 29 ივლისს, საგარეჯოს მერიაში წავიდა. მან საკრებულოს თავმჯდომარეს თამარ ავალიანის წიგნი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები აჩუქა.

„ეთნიკურ უმცირესობებს უფლებები აქვთ რომ დაიცვან ენა და კულტურა. წიგნში ამ უფლებებზე ვრცლად წერია ინფორმაცია. ამავდროულად სახელმწიფოს ვალდებულების შესახებაც არის აღნიშნული. ძირითადად სახელმწიფო ინტეგრაციაზე. ენის საკითხზე ჩვენგან ელოდებიან ყველაფერს. მაგრამ არსად არ წერია რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ენის შესწავლისთვის. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ჩვენს წინაშე, რომ სამართლიანი, თანაბარუფლებიანი გარემო შექმნას. თამარის წიგნში ეს კონვენციებთან, კანონებთან ერთად ძალიან ლამაზადაა გამოხატული. ვფიქრობდი, რომ ამის დეფიციტი არსებობს. კონკრეტულად ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარემ არ იცის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეს წიგნი მისთვის საინტერესო იქნებოდა“

გულმამედოვა აცხადებს, რომ ის მნიშვნელოვანი ინფორმაციები რაც თავმჯდომარემ არ იცის, ნაჩუქარ წიგნში გარკვევით წერია.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google