მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „მარინა რევია“ სიღნაღის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულია
მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლმა „მარინა რევია“ სიღნაღის თეატრალურ ფესტივალში პირველი ადგილი დაიკავა. „მარინა რევია“ - ერთმოქმედებიანი დრამა 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ სახლში დაბრუნებული დედის შვილებთან შეხვედრის ამბავს მოგვითხრობს. სპექტაკლი ერთი ოჯახის ურთიერთობებზე, გაუცხოებაზე, სიყვარულზე, სიცივესა და თანაგრძნობაზეა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: მარინა ჯოხაძე, თათია თათარაშვილი, ზურა ხაფთანი, ქეთევან აბაშიძე. მხატვარი - ტარიელ გელიაშვილი, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე. სპექტაკლის რეჟისორია გოჩა ხვიჩია.

სიღნაღის თეატრალური ფესტივალი 3-დან 10 ივნისამდე პერიოდში გრძელდებოდა. თეატრალურ ფესტივალზე 13 სპექტაკლის ჩვენება მოხდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილი - მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „მარინა რევია“ (ჯილდო 15 000 ლარი).
მეორე ადგილი - ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების მუნიციპალური თეატრის სპექტაკლი „უსამშობლო კაცი“ (ჯილდო 10 000 ლარი).
მესამე ადგილი - სამტრედიის დრამატული თეატრისა და დმანისის სახელმწიფო თეატრის კოპროდუქციული სპექტაკლი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ (ჯილდო 5 000 ლარი).

„გამარჯვებულებმა, ფულად პრემიებთან ერთად, კომპანია „ზარაფხანის" მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადებული ჯილდოებიც მიიღეს. ასევე, ფესტივალის მონაწილე თეატრებს გადაეცათ სპეციალური სიგელები“. - აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

სამინისტოს განცხადებით, თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველწლიურად ივნისში ჩატარდება. ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და სპექტაკლებთან ერთად ის საგანმანათლებლო პროგრამასაც მოიცავდა. დაინტერესებული პირებისთვის ერთი კვირის მანძილზე იმართებოდა მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები და საჯარო ლექციები.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები