როგორი იქნება მარნეულის ჰიმნი - ინტერვიუ კომპოზიტორთან
„მეგობრობის ხიდი“, „თავისუფლება“, „მარნები“, „ალგეთს ლეკვები“ - ეს არის იმ ტერმინების მცირე ჩამონათვალი, რომელის გაგებაც მარნეულის ჰიმნში იქნება შესაძლებელი. კომპოზიტორმა ლევან მიზანდარმა სიმღერის ტექსტზე მუშაობა უკვე დაასრულა და ახლა მას პროფესიონალურად ჩაწერენ.

ლევან მიზანდარი რადიო „მარნეულთან“ საუბრობს, თუ როგორი იქნება მარნეულის ჰიმნი, რომლის მომზადებაც მას მარნეულის მერიამ შეუკვეთა.

„ჰიმნში მოგეხსენებათ, სიმღერაში - პირობითად ვთქვათ, არ უნდა იყოს მრავალფეროვანი ტექსტი და ყოველთვის უნდა იყოს მარტივი დასამახსოვრებელი. ეს სპეციფიკაა ზოგადად ასეთი ტიპის სიმღერებისთვის. რა თქმა უნდა, იქ მოხსენიებულია რომ მეგობრობის ხიდია. თავისუფალი - ასეთი ცნებებიც, ასეთი ფრაზებიც გვაქვს, რა თქმა უნდა. ზოგადად, მარნეულის ტერმინი რომ მარნებიდან მოდის ესეც გავითვალისწინე. ალგეთს ლეკვები - ესეც გათვალისწინებულია. ზოგადად, გათვალისწინებულია ის ისტორია, რომელიც ახასიათებს ქვემო ქართლის რეგიონს და მეგობრობა, რომლითაც ერთიან სამშობლოს ვაშენებთ, მიუხედავად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა“. - განაცხადა ლევან მიზანდარმა

მარნეულის ჰიმნის ავტორის განმარტებით, მუსიკასა და ტექსტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და გარკვეული რეპეტიციებიც მიმდინარეობს. აცხადებს, რომ ხელშეკრულებით სიმღერის დასასრულებლად 2 თვიანი ვადა აქვთ, მაგრამ მის ჩაწერას უფრო მალე მორჩებიან. მარნეულის მუნიციპალიტეტის ჰიმნის მოსმენა შესაძლოა ოქტომბრის ბოლოდან გახდეს შესაძლებელი

„ჰიმნი შესაძლოა ამ თვეში უკვე იყოს მზად. კონტრაქტით, მომღერლების შერჩევაც მე დამეკისრა, როგორც ავტორს. ანსამბლ „შავნაბადასთან“ ვფიქრობთ ამ ყველაფრის გაკეთებას, რომლებიც არიან უაღრესად პროფესიონალები და დიდად მცოდნე ამ საქმის. ჰიმნი ჩაიწერება პროფესიონალურად, იქნება ორი ჩანაწერი, ერთი პროფესიონალური ანსამბლ „შავნაბადას“ შესრულებით და ასევე მუსიკა ჩაწერილი იქნება მინუსზე და ყველას შეეძლება მისი შესრულება. სჯობს ყოველთვის, რომ ასეთ სიმღერას ჰქონდეს სრულყოფილი ვერსია და მინუს ფონოგრამით, რა თქმა უნდა, თუ ამღერდება მთელი მარნეული ჩემი მიზანიც ესაა, რომ ყველას მოეწონოს“. - აცხადებს ლევან მიზანდარი

მარნეულის მერია ლევან მიზანდარს მარნეულის ჰიმინის შექმნაში 6 500 ლარს გადაუხდის. მერიამ ჰიმნის შექმნისათვის გამარტივებული ხელშეკრულება მიზანდართან 11 ოქტომბერს გააფორმა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები