iPhone-ი 4 876 მეტრზე მყოფი თვითმფრინავიდან ვარდნას მცირე დაზიანებით გადაურჩა
4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის მიერ კორპუსის ნაწილის დაკარგვის შემდეგ ჰაერში სხვადასხვა ნივთი გაიტყორცნა. მათ შორის იყო iPhone-ი, რომელიც სიმაღლიდან ჩამოვარდნას უვნებლად გადაურჩა.

მობილური ტელეფონი ვაშინგტონის მკვიდრმა, შონ ბეიტსმა 7 იანვარს, ინციდენტის მეორე დღეს, გზის პირას იპოვა. "ისევ ფრენის რეჟიმზე მყოფი და ნახევრად დატენილი" ტელეფონის ეკრანზე ბარგის ასაღებად საჭირო დოკუმენტი იყო გახსნილი.

ბეიტსი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს (NTSB) დაუკავშირდა. საბჭოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ iPhone-ი, სავარაუდოდ, Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის მგზავრს ეკუთვნოდა.

პარალელურად, 8 იანვარს ორეგონში სკოლის მასწავლებელმა, ბობ საუერმა საკუთარი სახლის უკანა ეზოში Alaska Airlines-ის Boeing 737 Max 9-ის კორპუსის ჰაერში დაკარგული ნაწილი იპოვა.

ადგილზე მივიდნენ
ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს წარმომადგენლები. მათ ექსპერტიზისთვის კორპუსის ნაწილი ვაშინგტონში მდებარე ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ამასთან, გამოძიების მიმდინარეობისას, რომლის დროსაც ყველა Boeing 737 Max 9 დროებით გაჩერებულია, დადგინდა, რომ ზოგიერთ თვითმფრინავზე რკინის დეტალები კარგად არ იყო მოჭერილი. მიუხედავად ამისა, მომხდარი ინციდენტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

6 იანვარს Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავმა 4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას კორპუსის ნაწილი დაკარგა, რის გამოც აშშ-ს ორეგონის შტატში ავარიულად დაშვება მოუწია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები