სიახლე
უკრაინელი ქალი, რომელსაც თან 10 ბავშვი ახლდა, დააკავეს, ბავშვები სოცსააგენტომ ზრუნვაში გადაიყვანა
ბავშვები, რომლებიც თან საზღვარგარეთიდან ჩამოსულ უკრაინის მოქალაქე ქალს ახლდნენ, სოცსააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა. ნეტგაზეთს ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა სოცმუშაკმა, მზევინარ ღაჭავამ უთხრა, რომ ზრუნვაში ამ დროისთვის 8 ბავშვია გადაყვანილი, დანარჩენი 2 კი კლინიკაში რჩება.

რაც შეეხება ქალს, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება ტრეფიკინგის ბრალდებით მიმდინარეობს, ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ დაელოდებიან გამოძიებას, რის შემდეგაც სამომავლო ნაბიჯებს დაგეგმავენ. მათივე თქმით, პროცესში უნდა ჩაერთოს ბავშვების მამა და ის ქვეყანა, საიდანაც ქალმა ბავშვები ჩამოიყვანა.

შსს-ს თანახმად, ბავშვები საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს, თბილისი-მოსკოვის რეისით შემოიყვანა ქალმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. სამინისტროს განცხადებით, ქალი ბავშვების ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას აპირებდა. უწყების ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით 10-ვე მათგანი აღნიშნული პირის შვილია, 4 მათგანი კი 2017 წელსაა დაბადებული.

არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ მაშინ თქვა, რომ აღნიშნულმა გარემოებებმა ტრეფიკინგის ეჭვი გააჩინა, რის შემდეგაც გამოძიება შესაბამისი – სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია