შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
12:05 / 11.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისად, სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა
დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა,
რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 9 მილიონი
ლარია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველები
ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ,
სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად
ანადგურებენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან
ამოიღო ნარკოტიკული საშუალებები: 5 კილო და 255 გრამი „კოკაინი“, 1
კილო და 362 გრამი „ჰეროინი“, 4222 აბი „სუბუტექსი“, 675 კაფსულა და
896 აბი „ტრამადოლი“, 579 აბი და 58,3 გრამი „მეტადონი“, 338 აბი და
21,9 გრამი „კოდეინი“, 996 აბი „ამფეტამინი“, 8678 კაფსულა და 198 აბი
„პრეგაბალინი“ და 33,7 გრამი „მორფინი“. ასევე, განადგურებულია, დიდი
ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული
და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები გაანადგურა.
უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები ახალი
ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების
მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების
განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან
ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც
დაესწრნენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.