„მე ამ ინციდენტთან კავშირი არ მაქვს“ - მუშევანის ახუნდი ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმიანება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის დელლერის ახუნდი ელსევერ ახმედოვი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმიანება.

დღეს, 2 მაისს, მარნეულის მერიაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე იმყოფებოდნენ. მარნეულის მერთან და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან შეხვედრისას ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მუშევანში შექმნილ ვითარებაში მოლა და მუფთი ცუდ როლს თამაშობს.

ელსავერ ახმედოვი აცხადებს, რომ პირველ მაისს მუშევანის მოსახლეობასა და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებასთან მას კავშირი არ აქვს.

„შემთხვევის დროს მე იქ არ ვიმყოფებოდი. იფთარამდე სადღაც ერთი საათი იყო დარჩენილი. ოჯახის წევრებთან ერთად იფთარისთვის ვემზადებოდი. დამირეკეს და მითხრეს, რომ ვიღაცეები ჩხუბობენო. ვინც საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ ნათესავად მეკუთვნის, მითხრეს, რომ მას ეჩხუბებოდნენ. ჩემს ძმასთან ერთად გამოვედი და წავედი მათი სახლისაკენ. მათ სახლამდე არ მისული შორიდან დავინახე, რომ პოლიციის მანქანა და სასწრაფოს ბრიგადა იდგა და ჩხუბობდნენ. მათ სახლამდე 200-300 მეტრით მოშორებით ვიდექით“ - აცხადებს ახუნდი ელსავერ ახმედოვი

მუშევანის დელლერის ახუნდის განმარტებით, ოჯახთან მისვლას და მათ დამშვიდებას აპირებდა, მაგრამ ვინაიდან ადგილზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოსახლეობა დახვდა თავი შეიკავა. რამაზანის დროს მუსლიმ სასულიერო პირებს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებთან კონტაქტის უფლება არ აქვთ. პირველ მაისს კი, ახუნდის თქმით, სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 80-100 ადამიანი შემთხვევის ადგილას იყო შეკრებილი და მათი ნაწილი მთვრალი იყო.

„უბრალოდ არ მესმის ჩემი სახელი რატომ დაასახელეს. თითქოს, ამ ჩხუბის სათავეში მე ვიდექი. თითქოს, სოფლელები მე განვაწყე მათ წინააღმდეგ. გაკვირვებული ვარ, არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე. მე ჩემ პოზიციას გეუბნებით, ამ ინციდენტთან კავშირი არ მაქვს, არც სახელმწიფოს მიმართ გამომითქვამს უკმაყოფილება, მადლობა ალაჰს. ხელისუფლებით კმაყოფილი ვარ. მე ამ ინციდენტთან კავშირი არ მაქვს, არც ორგანიზატორი ვარ“ - გვეუბნება ელსევერ ახმედოვი

ახუნდი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მოსახლეობასა და სასწრაფო დახმარების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფიცირებულის ოჯახიდან იმ ადამიანის წაყვანა სცადეს, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება ჩატარებული არ ჰქონდა.

პირველ მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ისინი დაუპირისპირდნენ როგორც ექიმებს, ისე პოლიციელებს და მერის წარმომადგენელს.

მოლა შიიტი სასულიერო პირია. სუნიტებში მისი თანასწორი სასულიერო პირი ჰოჯაა. ხოლო მუფტი მეჩეთის წინამძღოლია სუნიტებთან, შიიტებში მისი თანასწორი ახუნდია.


რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები