ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით სენაკში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1976 წელს დაბადებული ა.გ., ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, სენაკში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი, ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების - "მაგამედისა" და "ხაკიმის" სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის - თემური გვასალიას (მეტსახელად "თემურ სოხუმსკი") დახმარებით, მოქალაქეს შვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 ათას აშშ დოლარს სძალავდნენ. შსს-ს ცნობითვე, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი - 10 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულ ა.გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობას გულისხმობს. ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დაკავებულს ბრალი ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითაც წარედგინა.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები