როგორ შეცვალა კარანტინმა თეთრიწყაროელების ცხოვრება
თეთრიწყაროელებისათვის კარანტინში გატარებული დრო, #დარჩისახლში წესების დაცვა, დისტანციურად მუშაობა ან სულაც უმუშევრად დარჩენა უცნაური და უჩვეულო იყო.

ბოლო თვეების მანძილზე ადამიანების ცხოვრების სტილი შეიცვალა.

რამდენიმე თეთრიწყაროელმა გაგვიზიარა მიგნებები და დაკვირვებები, რომლებიც კარანტინის დროს გააკეთეს.

ახალგაზრდა გოგოს, რომელმაც უმაღლესი განათლების მიღებას პროფესიული განათლება ამჯობინდა და სტილისტი გახდა, კარანტინში გატარებულმა დრომ აჩვენა, რომ საყვარელი საქმით დაკავება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„მივხვდი იმას, რომ ვმუშაობ ჩემთვის საყვარელ ადგილას, მაქვს შემოსავალი, შემიძლია ჩემი თავი ვირჩინო, გავახარო ძვირფასი ადამიანები. კარანტინის დროს შემოსავალი არ მქონდა და რაღაც დროის განმავლობაში ცოტა დედაზე ვიყავი დამოკიდებული… მივხვდი, რომ არ მომწონს ასეთი ცხოვრება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ იმაზე უკეთესი არაფერია, როდესაც გაქვს საყვარელი სამსახური და შეგიძლია იყო დამოუკიდებელი“.

ზოგიერთი თეთრიწყაროელისათვის კარანტინის პერიოდი არასასიამოვნო აღმოჩენების მიზეზი გახდა.

„მერჩივნა არ მენახა ასეთი მშიშარა საკუთარი თავი. ორმა უკიდურესობამ მომიღო ბოლო, ერთი მხრივ, ცხოვრების ამგვარი, უცხო, ფორმა ვერ მივიღე ვერაფრით, მეორე მხრივ, ზედმიწევნით ვიცავდი წესებს და სხვებისგანაც მკაცრად იგივეს მოვითხოვდი გემო გავუგე ნერვულ აშლილობას და ცხოვრებაში პირველად მივიღე საძილე აბები“. - გვიყვება ახალგაზრდა გოგო, რომელიც ოჯახის წევრების ჯანმრთელობის გამო ღელავდა.

25 წლამდე გოგონამ, რომლის ცხოვრობაც ბოლო პერიოდში მთლიანად შეიცვალა და სრულიად განსხვავებული პროფესიით დაიწყო მუშაობა ამბობს, რომ მიუხედავად ცვლილებების შიშისა, საკუთარ თავში ძლიერება აღმოაჩინა.

„ამ კარანტინობამ აღმომაჩენინა, რომ არ ვყოფილვარ სუსტი ადამიანი. საკუთარ თავზე მსგავსი მოსაზრებები მესმოდა აქამდეც, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე რომ საკმაოდ ძლიერი ვარ. სულაც არ მგონია, რომ სისუსტე ცუდია და სუსტი ადამიანები არუნდა არსებობდნენ, პირიქით მე მიყვარს ყველა. კიდევ, ვისწავლე შედარებით სწორად ფიქრი... ადრე ასე მშვიდად და დალაგებულად არ ვფიქრობდი. მგონია, რომ ახლა უფრო მშვიდი და წყნარი გავხდი, ოღონდ შედარებით”.

კარანტინის დროს ქალების უმეტესობას მთელი დღე სახლის საქმეების გაკეთება უწევდა, სწორედ ამიტომ ფიქრობს ერთ-ერთი თეთრიწყაროელი გოგო, რომ „ცოტა ადრე რომ დაბადებულიყო, კარგი მონა იქნებოდა“.

სახლში გატარებულმა დრომ შეცვალა თვითდასაქმებული, ორი შვილის დედის, ღირებულებები. მან შემოსავალი პანდემიის გამო დაკარგა.

„ზოგი ძვირფასი რამ გაუფასურდა ჩემთვის... იმიტომ, რომ ადრე სტაბილური შემოსვალი მქონდა, ახლა კი შევეფეთე იმას, რომ არც ისე სტაბილურია ეს ყველაფერი. თურმე, ადამიანი ძალიან მარტივად ვარდება დეპრესიაში და ვერც კი ხვდება, თუ როგორ მოქმედებს ამ დროს სხვებზე.“ - გვიყვება თეთრიწყაროელი ქალი

თეთრიწყაროელები კარანტინის დროს ინფორმაციის ნაკლებობასაც ჩივიან.

„მე კი იმას გეტყვით, რომ გული დამწყდა ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მერია პირველ რიგში ჩვენ კი არ გვესაუბრებოდა, არამედ უცხო მედია საშუალებებს. უცხო იმიტომ, რომ ადგილობრივი არ გვაქვს. არ ვიცოდით რა ხდებოდა რაიონში და ველოდებოდით როდის ჩამოვიდოდნენ ჟურნალისტები, გააშუქებდნენ ამას, რომ ჩვენც ტელევიზიით გაგვეგო, თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს“. - ამბობს ადგილობრივი ახალგაზრდა

სახლში გატარებულმა დრომ ბავშვობაში დააბრუნა სტუდენტი, რომელიც პანდემიის გავრცელების შემდგომ სახლში, თეთრიწყაროში, დაბრუნდა საცხოვრებლად.

„ამ ყველაფერმა წარსულში დამაბრუნა... აქამდე სამსახური, მერე სულ მობილური, კომპიუტერი… ახლა, ამ კარანტინში, ურთიერთობამ ბავშვობაში დაბრუნა. თუნდაც, გარეთ ბავშვებთან ერთად თამაშით. დღეს ვარ ასე და ძალიან ბედნიერი ვარ. მომნატრებია ასეთი სიტუაცია“.

თეთრიწყაროელების ნაწილი მხიარულად უყირებს შექმნილ ვითარებას. ამბობენ, რომ წლების განმავლობაში თეთრიწყარო, მიუხედავად მისი მრავალფეროვანი ისტორიისა და საკურორტო ადგილებისა, ყურადღების მიღმა რჩებოდა, ხოლო ახლა, ყველაფერი შეიცვალა. კორონამ ხალხს თეთრიწყარო გაახსენა.

ავტორი: თამუნა ბალიანი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები