სიახლე
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი მარნეულელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი მარნეულელი კაცი დააკავა.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ სოფელში მომხდარ (14-15 ივლისი) სავარაუდო ძალადობის ფაქტს. საპატრულო პოლიციას მიმართა პირმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის სოფელ კაპანახჩში რამდენიმე ადამიანმა ბოძზე მიაბა. როგორც რადიო „მარნეულს“ ამავე სოფლის მკვიდრები გვიყვებიან, ბოძზე მიბმულ მამაკაცს მათ დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. ფაქტს ქალის მამამთილი შეესწრო, რის შემდეგაც კაცი გაკოჭეს.

ადგილობრივების თქმით, ბიჭი ბოძზე მიბმული მისი მშობლების მოსვლამდე იყო. ოჯახის წევრების მტკიცებით, მამამთილს ნერვიულობის ნიადაგზე გული გაუსკდა და ის 19 ივლისს დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი: 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“ - წერია შსს-ს განცხადებაში

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია