ძალადობა ძალაუფლებისათვის და დაუსჯელობის სინდრომი - არასამთავრობოები მარნეულში მომხდარ ძალადობას აფასებენ
მარნეულში „ენმ“-ს წევრებს, ჟურნალისტებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელზე ძალადობის ფაქტს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეხმიანებიან.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ განაცხადა, რომ გუშინ, 29 სექტემბერს, მარნეულში განვითარებული მოვლენები ეფექტიან და დროულ გამოძიებას მოითხოვს.

„საკრებულოს წევრების მონაწილეობა ამ პროცესში შემაშფოთებელია და ბუნებრივია, რომ თუ ეს ფაქტები დადასტურდება უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხიც. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჯერ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს. მეორე საკითხია, რომ ამგვარმა ძალადობრივმა ინციდენტებმა ძალიან მოიმატა ქვემო ქართლის რეგიონში, ჩვენ ვიხილეთ ძალადობრივი ინციდენტები ნახიდურში, ახლა მარნეულში და მგონია, რომ პოლიტიკური პარტიები ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ რამდენად სარისკოა ანტისაზოგადოებრივი და ანტიდემოკრატიული სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც კონფლიქტზე, ანტაგონიზმზე და ესკალაციაზეა ორიენტირებული“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ

თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის თქმით, მედიაში ხშირად გავრცელდა მოსაზრება, რომ მარნეულში ძალადობის შემთხვევები ხშირია და თითქოს ეს მარნეულისათვის, წინასაარჩევნო კონტექსტში, ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა რეგიონისა და თემის ძალადობრივ გარემოდ მონიშვნა მოხდეს.

„ამას აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რადგან ძალიან აშკარაა, რომ ამ პროცესში არიან ჩართულები ადგილობრივი ინტერესთა ჯგუფები, ვისაც აქვთ ძალაუფლება და ბუნებრივია, რომ ძალადობის არგუმენტის მთელ თემზე განზოგადება სერიოზული პრობლემაა და მიუღებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ამდაგვარი განზოგადოებისაგან თავი შეიკავოს“ - ამბობს თამთა მიქელაძე

წლების განმავლობაში პოლიციის უმოქმედობას და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოტივირებულობას უკავშირებს გუშინ მომხდარ თავდასხმას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ GDI იურისტი ედუარდ მარიკაშვილი. მისი განმარტებით, ნებისმიერის სახის ძალადობა მიუღებელია, მაგრამ განსაკუთრებით მიუღებელია ძალადობა, წინასაარჩევნოდ, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე.

„ეს პროცესები ცალსახად არის მოტივირებული ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რომლებიც წლებია არაფერს არ აკეთებენ მსგავსი ძალადობის გამოძიებისა და იმ ადამიანების დასჯისთვის, ვინც ძალადობს. პოლიციამ მყისიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, მხოლოდ გამოძიების დაწყება გამოსავალი არაა. წესით, გამოძიებას აქამდე უნდა ყავდეს იდენტიფიცირებული და დაკავებული ის ადამიანები, ვინც ნათლად ჩანან კადრებში, რომ ძალადობენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე“ - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა

GDI-ს იურისტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გუშინდელ ინციდენტში მონაწილეები დაუსჯელები დარჩებიან, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ძალადობის ფაქტები შესაძლოა გახშირდეს, რადგან მოქალაქეებს დაუსჯელობის განცდა შეექმნებათ.

გუშინ, 29 სექტემბერს, საღამოს საათებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამ წევრს თავს „ქართული ოცნების“ წევრები დაესხნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ შემთხვევის ადგილას მისულ გადამღებ ჯგუფებსაც. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიხუნ მუჰამედალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პლატფორმა 20/20“-ს დამკვირვებელ გიორგი მუმლაძესაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 126-ე ძალადობისა და 154-ე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, მუხლებით დაიწყო.

ამ დრომდე დაკავებული არავინ არაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები