შსს-მ რუსეთის მოქალაქისგან 7 კგ „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ.შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს
10:59 / 03.12.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე -
1979 წელს დაბადებული ა.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“სამართალდამცველებმა ა.ა. ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის
დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“
გადაჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად
ამოიღო 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ამოღებული
ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე
ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.