თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ბრალი წაუყენეს 3 სამხედროს
საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა სამ სამხედროს თანამშრომელზე ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით. საგამოძიებო უწყება სასამართლოს მათთვის პატიმრობის შეფარდებას სთხოვს.

გამოძიების ვერსიით, სამხედრო მოსამსახურეებმა საცხოვრებელ სახლში მიაკითხეს და ფიზკურად იძალადეს თანამშრომელზე, როცა გაიგეს, რომ მას მათი მეგობრის მეუღლესთან პირადი მიმოწერები ჰქონდა. შემთხვევა 11 იანვარს გორის რაიონის სოფელ ახალშენში მოხდა.

"ბრალდებულები დაზარალებულს ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით ემუქრებოდნენ", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კაცს დაემუქრენენ და სასტიკად მოექცნენ "დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს".

სამივე სამხედრო 15 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები