„საეჭვო" ონკომედიკამენტების შემოტანის საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს
საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაცია უწყებამ პუბლიკას დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ამას საფუძვლად ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის მიმართვა დაედო.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მომართვა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იქნა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი (ძირითადად ონკომედიკამენტები), რაც შემდგომში რეალიზებული იქნა პაციენტებზე, როგორც მათი პირადი სახსრების გამოყენებით, ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში”, – ამბობენ პროკურატურაში.

დღეს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ „საეჭვო მედიკამენტების” შემოტანის სქემაში, მინიმუმ, 60 ონკოლოგია ჩართული. ფეისბუქპოსტში თავისი საქმიანობის შეჯამებისას აზარაშვილმა დაწერა, რომ „დიდ გამოწვევად რჩება ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი”.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები