მხოლოდ ერთი თვით ჩამოვედით, და უკვე ორი წელია, რაც აქ ვართ - უკრაინიდან დევნილი ქალის ისტორია
ორესტა ოსიჩუკი უკვე ორი წელის რაც საქართველოში ცხოვრობს. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმაშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ორესტამ გადაწყვიტა მცირეწლოვან შვილთან ერთად მშვიდობიან საქართველოში ჩამოსულიყო - „მხოლოდ ერთი თვით ჩამოვედით, და უკვე ორი წელის, რაც აქ ვართ“.

ორესტია საუბრობს ომის მოლოდინზე, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე, საქართველოში ჩამოსვლასა და დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, რასაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში ეწევა.

ომის მოლოდინი და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში

საქართველოში ჩემს ქალიშვილთან ერთად ჩამოვედი, შემთხვევით აღმოვჩნდი აქ, ჩემმა დაქალმა წამომიყვანა. ჩვენ მხოლოდ ერთი თვით ჩამოვედით, და უკვე ორი წელია აქ ვართ. ჩემთვის ყველაზე საშინელი ომის მოლოდინი იყო, რომელიც 2022 წლის დასაწყისში გვქონდა, ომის მოლოდინი 2021 წლის დეკემბერშიც იყო... ძალიან დიდი დაძაბულობა იყო. 2022 წელს, შობას ოჯახურ გარემოში შევხვდით, მე მშობლებთან ჩავედი. მიუხედავად სადღესასწაულო განწყობისა, გამუდმებით ვსაუბრობდით ომის საფრთხეზე... ომის საფრთხეზე... არავის არ უნდოდა ამის დაჯერება, ყველას ძალიან ეშინოდა, მაგრამ გვესმოდა, რომ ეს გარდაუვალი იყო.
მახსოვს შეგრძნება, როცა ჩემს ქალიშვილთან ერთად გამეღვიძა. დილის 7 საათზე აფეთქებების ხმამ გამაღვიძა... ქალაქი ლუცკიდან ვარ. წამოვდექი საწოლიდან, გავიგე აფეთქებების ხმა, მივხვდი, რომ ომი დაიწყო. ჩემი პირველი შეგრძნება, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, იყო ის, რომ ამოვისუნთქე... როგორც იქნა დაიწყო... მოლოდინის შეგრძნება ძალიან დამანგრეველი იყო. შემდეგი ემოცია, რომელიც ვიგრძენი იყო: რა ვქნა? როგორ ვიცხოვრო? სად წავიდე, რა გავაკეთო? მახსოვს, ჩვენ გვესმოდა აფეთქებების ხმა, ჩემი ქმარი კი სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. ჩვენ ვერ «გადავერთეთ» მაშინვე. ვერ ვიაზრებდით, რომ ეს აფეთქებები ადამიანებს კლავს... რომ ეს არ არის უბრალოდ აფეთქებები, ეს ის აფეთქებებია, რომლებიც კლავს ადამიანებს.

ომიდან მშვიდობიან საქართველომდე

როცა ერთი თვის შემდეგ მე და ჩემი შვილი მშვიდობიან საქართველოში ჩამოვედით, ძალიან უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ერთნაირი ცაა, ერთნაირი ხეები, ადამიანების ერთნაირი ღიმილი, სახეები, მაგრამ განცდა საფრთხის და უსაფრთხოების... მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი, არ მქონდა უფლება დამებრუნებინა ჩემი შვილი მშვიდობიანი ქვეყნიდან ომში. ამიტომ მადლობას ვუხდი ქართველებს საოცარი მხარდაჭერისთვის. იმიტომ რომ უკრაინის დროშები, ლურჯი და ყვითელი ფერები მანქანებზე, აივნებზე, გულსაბნევებზე, ლენტებზეა... როცა სახლიდან გარეთ გამოდიხარ, ხანდახან ძალიან ცუდად გრძნობ თავს, რადგან ბევრი ინფორმაციაა. ჩვენ ვცხოვრობთ შორს ომიდან, მაგრამ მუდმივად „ვიხარშებით“ ამ მოვლენებში, ამ ინფორმაციულ სივრცეში. როცა გამოდიხარ და აქ დროშას ხედავ ლურჯ-ყვითელ ფერებში, იქ კი ადამიანი მოდის გულსაბნევით, ხვდები, რომ მარტო არ ხარ. ეს ხალხი, ეს ქვეყანა სინათლის მხარესაა. ის უძველესია, ძალიან ძლიერია, ღრმად გადგმული ფესვები აქვს და შენ გიჭერს მხარს, ზურგს გიმაგრებს. დიდ მადლობას გიხდით თქვენ - ქართველებს იმ თანადგომისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ.

რუსული პროპაგანდა

პროპაგანდის მსხვერპლი ყველანი ვხდებით. ორჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ქართველებმა მითხრეს: „წადით სახლში, აქ მეტისმეტად დიდხანს ხართ. დაბრუნდით სახლში“. მაგრამ ეს თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია. მე კარგად მესმის ქართველების, რომლებსაც, სამწუხაროდ, არაქართული, არაევროპული მთავრობა ჰყავს. მე ეს კარგად მესმის, იმიტომ რომ ჩვენთან იყო იანუკოვიჩი, ეს ყველაფერი გამოვიარეთ. ვერ იტყვი, რომ ყველა უკრაინელი ცუდი იყო, იმიტომ რომ მათ ასეთი ხელისუფლება აირჩიეს. არა, ის უკრაინელები, რომლებმაც იანუკოვიჩი აირჩიეს, ახლა ფრონტზე იბრძვიან და თავის ქვეყანას იცავენ. ანუ თქვენთანაც აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება და იქნება ქართველური. გისურვებთ ყოველმხრივ თავისუფლებას და გამარჯვებას, და, რა თქმა უნდა, გამარჯვებას და თავისუფლებას ვუსურვებ ჩემს სახელმწიფოს.
ეს ძალიან მაშინებს. პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოზე ვსაუბრობ. ძალიან მეშინია, რომ ასეთი სისხლისმღვრელი ომის შემდეგ მსგავსი რამ შეიძლება ხდებოდეს უკრაინაში. ეს ყველაზე საშიშია. იმიტომ რომ ომის შემდგომი პერიოდი გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის. ეჭვი არ მიპარება, რომ გავიმარჯვებთ. მაგრამ გადამწყვეტი ომის შემდგომი პერიოდი იქნება - ვინ გავხდებით, როგორები ვიქნებით ამ გამარჯვების შემდეგ.


ქართველების სენტიმენტური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ

ჩემთვის კულტურული შოკი იყო, როცა დავინახე როგორი სენტიმენტებით სავსე დამოკიდებულება აქვს ბევრ ქართველს რუსების მიმართ. ეს მართლაც გასაოცებელია, იმიტომ რომ ვიცი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის შესახებ. მთელი ის სისასტიკე, რაც უკრაინაში ხდება, თქვენ გამოიარეთ. და ამის შემდეგ ნებას აძლევთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს... არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მხარს უჭერენ თუ არ უჭერენ პუტინს, იმიტომ რომ არ შეიძლება ცუდებად და კარგებად დაყოფა, ესენი აგრესორი-ქვეყნის მოქალაქეები არიან. წერტილი!
ამიტომ ეს თქვენი საქმეა, რა დამოკიდებულება გექნებათ მათ მიმართ. ჩვენი დამოკიდებულება ცალსახად გარკვეულია. და თქვენი საქმეა ის, თუ როგორ მიიღებთ მათ თქვენს სახლში. ჩვენი საქმეა - გავიმარჯვოთ ჩვენს სახლში და წესრიგი დავამყაროთ იქ. იმიტომ რომ, როცა გავათავისუფლებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, ძალიან რთული იურიდიული პროცესები დაიწყება, როგორ არ მივცეთ კოლაბორანტებს არჩევანის უფლება, როგორ უნდა დალაგდეს სამოქალაქო სამართლის საკითხები. ეს ძალიან რთული პროცესია.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები