მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობისათვსი 6 911 722 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ცენტრალური სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტენდერი გამოაცხადა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობისათვის 6 911 722 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის სტადიონი 1 500 ადამიანს დაიტევს, იქნება მაღალი ხარისხის ხელოვნური ბალახით დაფარული, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის დიოდური ტაბლო, საპარკინგე ზონა, 2 სართულიანი შენება, სადაც 4 საპირფარეშო, 6 აბაზანა და 30 ადამიანზე გათვლილი საპრესკომფერენციო დარბაზი იქნება, რაც მთლიანობაში ფიფას მეორე კატეგორიის სპორტული მოედნის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მარნეულში არსებული ამორტიზირებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი, 1500 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 9 ივნისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 10-დან 15 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.

ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან, ერთ წელში უნდა შეასრულოს.

2019 წლის თებერვალში მარნეულის მერის მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ მარნეულის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მარნეულის ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები, შესაძლოა, 2019 წელს დაწყებულიყო.

სტადიონისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ 2016 წელს შეადგინა, რაშიც 150 000 ლარი დახარჯა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაცია განახლებას საჭიროებდა, რადგან 2017 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი შევიდა ძალაში.

2019 წლის 28 თებერვალს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ თქვა, რომ ამ ეტაპისათვის სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტს მთავრობის დადგენილებასთან სისრულეში მოყვანა მიმდინარეობდა, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტის კორექტირება იყო საჭირო.

სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის კორექტირების შემდგომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაუგზავნა რის შემდეგაც ტენდერის გამოცხადება შესაძლებელი გახდა.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები