„ბიჭებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ“ - რატომ ითხოვენ დაშტაფელი გოგოები სტადიონის სოფლის ცენტრში მოწყობას
მარნეულის სოფელ დაშტაფაში ახალგაზრდებს სპორტით დაკავებისათვის შესაბამისი ადგილი არ აქვთ. სოფლის ერთადერთი სტადიონი ცენტრიდან მოშორებით, სასაფლაოს ახლობლად, მდებარეობს რომელიც ძირითადად საძოვრად გამოიყენება. სტადიონზე იშვიათად, მაგრამ მაინც, მხოლოდ ბიჭები დადიან, რადგან გოგოებს სოფლის ბოლოში მდებარე სათამაშო სივრცეში მშობლები არ უშვებენ.

15 წლის ნათია გუსეინოვა სოფელ დაშტაფაში ცხოვრობს. როგორც გვიყვება, ახალგაზრდებს სოფელში საერთო სივრცე არ აქვთ, სადაც სპორტული აქტივობებით შეძლებენ დაკავებას.

„ჩვენ ახლა ვართ სოფლის ცენტრში, მაგრამ სოფლის ცენტრიდან სოფლის ბოლო, სადაც სტადიონია, ძალიან შორსაა, რადგან თვითონ სოფელი ძალიან დიდია. ცენტრში მყოფი, ან სოფლის დასაწყისში მცოვრები გოგოებისათვის სტადიონამდე მისვლა სირთულეა, რადგან მანძილი შორია და თან მშობლებიც არ უშვებენ მათ ამ დიდ გზაზე, ბიჭებს კიდევ უფრო მეტი თავისუფლება აქვთ, მაგრამ გოგოებისათვის რეალობა სხვანაირია. ამ ახალგაზრდებს შორის ვარ მეც, ძალიან მომწონს სპორტის თამში, ვერ ვიტყვი, რომ ყველა სპორტს კარგად ვთამაშობ, მაგრამ ვცდილობ, რომ ვითამაშო. ფეხბურთი არის ისეთი სპორტის სახეობა, რომელიც კარგად არ მეხერხება და ვერ ვთამაშობ, რადგან ისეთი სივრცეც არაა, რომ ივარჯიშო. ზუსტად ამიტო, სათამაშო გარემო როდესაც არაა, ჩვენც ვერ ვვითარდებით“. - ამბობს ნათია გუსეინოვა

მიუხედავად იმისა, რომ დაშტაფელ გოგოებს ვარჯიშისათვის შესაბამისი სივრცე არ აქვთ, მათ მარნეულში გამართულ გოგოებს შორის ფეხბურთის ამხანაგურ შეჯიბრში მეორე ადგილის მოპოვება მაინც შეძლეს.

„როგორც ხედავთ პირობები არ გვაქვს. რთულია ასე ვარჯიში, მაგრამ შეუძლებელი შევძელით და ბევრი ვივარჯიშეთ რომ საფეხბურთო ტურნირში მიგვეღო მონაწილეობა. ტურნირამდე ყოველდღიურად ვვარჯიშობდით, სადღაც 10 დღის განმავლობაში. რატომ უნდა იყოს სტადიონი სკოლასთან? იმიტომ, რომ როგორც ვხედავ ბევრ მოსწავლეს აქვს მონდომება იყოს სპორტით დაკავებული“. - გვეუბნება 16 წლის აითაჯ თარიბოვა

სპორტული სივრცის არარსებობის გამო გოგოებს საკუთარი ფანტაზიის გამოყენება და საფეხბურთო მოედნის სკოლის ეზოში მოწყობა უწევთ. სავარჯიშო ადგილი, სადაც ფეხბურთს თამაშობენ დახაზული არაა, კარებების მაგივრად კი ორი მოზრდილი ქვა დევს. გოგოების მსგავსად სპორტული მოედნის არარსებობა პრობლემას უქმნის ადგილობრივ ბიჭებსაც, რომლებიც სათამაშოდ ძირითადად მეზობელ სოფელში მიდიან.

„ვარჯიში გვინდა. ამისთვის სტადიონი გვჭირდება. არსებულ სტადიონზე არ დავდივართ. საქონლითაა სავსეა და შესვლა შეუძლებელია, თამაშსაც ვერ ვახერხებთ. ამიტომ სხვაგან მივდივართ, სხვა სოფელის მინი სტადიონზე. შულავერში დავდივართ ძირითადად და ცხადია სკოლის ტერიტორიაზე გვინდა რომ მოაწყონ“. - გვიყვება მაჰმად აჰმედოვი

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ 2022 წელს სოფელ დაშტაფაში მინი სტადიონის მოწყობა არ იგეგმება. მერიაში განმარტავენ, რომ საკმარისი რესურსისა და პრიორიტეტულობის შემთხვევაში სოფელში სტადიონი შესაძლოა 2023 წელს მოეწყოს.
მარნეულის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ია ესებუა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოფელში სპორტული მოედნის მოწყობა დაიგეგმება, დაგეგმარების პროცესში გენდერული თანასოწობის საბჭოც იქნება ჩართული, რათა მოედანი როგორც ბიჭებისათვის, ისე გოგოებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს.

„გამომდინარე იქედან, რომ გენდერული ბიუჯეტირება რეალურად ახლა მკვიდრდება მთელ საქართველოში, ჩვენთანაც ახლა მკვიდრდება. ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე ვერთვებით ამ პროცესში და სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც შემოვა, შევისწავლით, გავუკეთებთ გენდერულ ანალიზს და შემდგომში გავცემთ რეკომენდაციას. ამ ეტაპამდე ესეთი რამ არ გაკეთებულა, ახლა ვიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას, რადგან გენდერული საბჭოები მაინც ახლად ითვლება ამ დრომდე. ამ ეტაპისთვის უკვე ვიცით, რომ კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტი უნდა ჰქონდეთ გენდერულად მგრძნობიარე, ვალდებულება ექნებათ ეს და როდესაც პროექტები დაიგეგმება აუცილებლად უნდა იყოს თანაბრად გათვლილი, ანუ ინდიკატორად ჩაშლილი უნდა იყოს, როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგოებისთვის“.

ესებუას განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მერიას ამგვარი პრობლემით მოქალაქე მიმართავს, გენდერული საბჭო მის მიმართვას განიხილავს და პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამის რეკომენდაციას გასცემს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები