დღეს, 12 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
გაიმართა.
სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის
რიჩარდ გიგანის მოხსენებითი ბარათი. საკითხის მომხსენებელმა თეონა
ფარჯიანმა სხდომაზე განაცხადა, რომ მოხსენებითი ბარათით ითხოვენ
შერმადინ ბოჭოიძისა და თამაზ ბოჭოიძის ფულად წახალისებას.
„უფრო ზუსტად კი მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30
აგვისტოს, ყაზახეთში, ქალაქ ალმაატში მკლავჭიდში მიმდინარე მსოფლიო
ჩემპიონატში მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტსმენმა თამაზ ბოჭოიძემ 90
კგ წონაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, აბსოლიტურ წონაში კი მეორე
საპრიზო ადგილი დაიკავა. აღნიშნული ჩემპიონატისთვის ის მოამზადა
შერმადინ ბოჭოიძემ და გთხოვთ, რომ კენჭი უყაროთ აღნიშნულ
საკითხს“. - განაცხადა თეონა ფარჯიანმა
შერმადინ და თამაზ ბოჭოიძეებისათვის ფულადი წახალისების გადაცემასთან
დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე კომენტარი გააკეთა საკრებულოს
თავმჯდომარე ამირან გიორგაძემაც.
„მე კიდევ ერთხელ მინდა საკრებულოს სახელით და
მოსახლეობის სახელით ბატონ თამაზ ბოჭოიძეს მივულოცო მსოფლიო
ჩემპიონობა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვუსურვებ, რომ მომავალში
უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწიოს. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ
ყველა სპორტსმენს შესაძლებლობის ფარგლებში და შევქმნით პირობებს, რომ
მათ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა რანგის
შეჯიბრებებში“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ
ყაზახეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მარნეულიდან, ოფიციალური დელეგაცია
იმყოფებოდა.
რადიო „მარნეული“