მარნეულის N3 ბაღში ერთ საწოლზე 3 ბავშვს აძინებენ



მარნეულის მესამე საბავშვო ბაღ „ჩიორაში“ ყოველდღიურადერთ აღმზრდელ პედაგოგს ორმოცამდე, უკიდურეს შემთხვევებში კი მეტი ბავშვი დაწყნარება უწევს. მშობლებს შეწუხებული სახით შემოჰყავთ ბავშვები ეზოში. პრობლემა თითქმის ყველას იგივე აქვს. არასაკმარისი საწოლები, რაოდენობაზე მეტი ბავშვები და რეალობასთან შეგუება.

"იმხელა შემოდინება და იმხელა ნაკადია, რომ ფიზიკურად ვერ ატევენ ვერსად და არეულობაა. შარშან ასეთი რამე არ იყო. ამბობენ დავალაგებთო, მაგრამ ფიზიკურად იმ ბაგა-ბაღის ჯგუფში 40 ბავშვი ხომ ვერ ეყოლებათ? არ ვიცი რა იქნება. მე ახლა ჩემს შვილს მოვკიდე ხელი და დიდ ბავშვების ჯგუფში გადავიყვანე, გამოსავალი ეს ვნახე. მასწავლებლები იმ პროგრამას რაც საჭიროა, ვერ გაატარებენ ბავშვებს



არსებული სიტუაციით შეწუხებული მასწავლებელი რადიო მარნეულთან ღიად საუბრობს პრობლემაზე და ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმე ვითარება პატარა ასაკის ბავშვების ჯგუფებში. მაშინ, როდესაც აღსაზრდელები დამოუკიდებლად ვერც ჭამენ და ვერც იცვლიან. კართან კი პატარა მაგიდა აქვთ მიდგმული იმის იმედით, რომ ორმოცი ბავშვიდან შემთხვევით ვინმე გარეთ არ გაეპარებათ. ასეთი მდგომარეობის მართვა, ჯგუფში ფაქტობრივარ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული.

„ორმოცი ბავშვი შეიძლება ბაგაში იყოს? არავითარ შემთხვევაში. ერთი მასწავლებელია, ყველა ბავშვი პამპერსიანია. ყველას გამოცვლა უნდა და ყველას ხელით ჩაცმა უნდა. როცა უნდა იყოს 25 ბავშვი, 40-ია. ერთი მასწავლებელია, არანაირი დამხმარე, არანაირი მეორე "სმენა" და არანაირი ხელფასი“ - გვითხრა აღმზრდელმა და ჩვენს იქ ყოფნაში
სიას ორი ახალი ბავშვი მიუმატა .



მასწავლებელმა იცის, რომ დღეს ყველა ბავშვს საწოლზე ვერ დაატევს. 

„წვანან სამ-სამი ბავშვი. ზოგიერთ მშობელს კი აქვს პრეტენზია,მაგრამ მე ვთქვი, თქვენ თვითონ ხედავთ სიტუაცია თუ გინდათ დატოვეთ, თუ გინდათ წაიყვანეთ თქვენი შვილი ვისაც არ მოსწონს პირობები. ზოგი ბავშვი ახლები არიან და საწოლამდე ვერ მიმყავს, მაგრამ ყველა რომ მოვიდეს, აქ არ დაეტევა, რა თქმა უნდა“



ამავე ბაღში არ წყდება მშობლების ნაკადი, რომლებიც საბუთებით ხელში მომარჯვებული დილაუთენია კართან იმ იმედით დგანან, რომ როგორმე სარეზერვო სიაში ჩაწერილი შვილები სკოლამდელ განათლების გარეშე არ დატოვონ.

„რა ვქნათ ჩვენ მშობლებმა, პრობლემა ბაგის გამგის ბრალი არ არის, ეს სახელმწიფოს ბრალია, აგვიშენონ ბაღები და გვექნება. ვითხოვთ ყოველ წელს, განცხადებებს ვწერთ, რომ ბაღი აგვიშენონ ჩვენ შულავრიდან და მარადისიდან დავდივართ აქ. „

ამავე საბავშვო ბაღის გამგე ქეთევან მინაძე პრობლემას ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ახალი ბაღების აშენებამდე „როგორღაც უნდა გაიჭირვონ“

ბაგა ბაღში, თუ დამხმარე მასწავლებელი და ძირითადი მასწავლებელია, მაშინ უნდა იყოს მაქსიმუმ 30 ბავშვი. თითო ადამიანზე 15. მაგრამ ჩვენ არ გვყავს დამხმარე. დღეის მდგომარეობით, ორმოცი, ორმოცდასამი ბავშვია ჯგუფებში. ბაგაში 38 ბავშვია და ჯგუფი არის 26 ადგილიანი. 26 საწოლია. კიდე ის გვშველის რომ 100%-იანი დასწრება არ არის ხოლმე. ვცდილობთ, რომ ნათესავი ნათესავთან მოვახვედროთ, ბიჭები ერთად და გოგოები ერთად ამას ყველაფერს ვცდილობთ".- თქვა ბაღის გამგემ და აღნიშნა, რომ მშობლებს ყოველთვის აფრთხილებენ არსებული სიტუაციის შესახებ.

„მიღების დროს სუყველა თანახმაა ორი ბავშვის ერთად დაწვენაზე. როცა ჩაირიცხებიან, მერე ყოველდღე რიგი აქვს აქ და იწყებენ, რატომ არის ასეთი სიტუაცია და რატომ მიგვიღეთო“

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღი „ჩიორა“ სულ 280 აღსაზრდელზეა გათვლილი. დღევანდელი მონაცემებით კი სიაში 475 ბავშვი ირიცხება.



მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება სიტუაციის გამოსწორებას  ბაღებში წელს ვერ გვპირდება. გაერთიანების უფროსის ზაურ ქარამოვის თქმით, აღსაზრდელები  რომ გარეთ არ დარჩენილიყვნენ, იძულებულები გახდნენ განსაზღვრულზე მეტი რაოდენობა მიეღოთ.

„მომავალ წელს აშენდება ორი  ახალი ბაღი და არ იქნება ეს პრობლემა. მანამდე კი „ვინუჟდენში“ ვართ. თან ახლა, რეზერვიდან დავამატეთ ბავშვები, ვისი მშობლებიც მუშაობენ და შესაძლებლობა არ აქვთ“ - თქვა ზაუ ქარამოვმა

ის, რომ N3 საბავშვო ბაღში ბავშვებს საკმარისი საწოლები არ აქვთ , ქარამოვი ფიქრობს, რომ ეს პრობლემა გარკვეულწილად იმით მოგვარდება, რომ  ბავშვების სრული რაოდენობა არ ივლის ბაღში.  ამის გარანტიას კი „საკუთარი გამოცდილების საფუძველზე იძლევა“.

„გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, ასე იქნება პირველი წელი არ არის რომ ასეთი სიტუაციაა."

ბაღების მშენებლობა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რომ არის ამას მარნეულის მერი ზაურ დარგალიც გვიდასტურებს და ამბობს, რომ  ამ მხრივ, მომავალი წლისთვის სამუშაოებია დაგეგმილი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები