სიახლე
მარნეულის მაღალმთიან სოფელში გაზი არ არის შეშაზე შეღავათი კი სახელმწიფომ არ გაითვალისწინა
სადახლოდან სოფელ ახკერპისკენ (სომხეთის საზღვარი) ცხრა სოფელია, რომელთაგან ექვსს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს.

ამ სოფლების მცხოვრებლებს წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე შეშის ვაუჩერი ეძლევათ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვაუჩერით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები შეშის მოტანის უფლებას აძლევენ პრინციპით „ყველას რომ ეყოს“.

ანნა ტანდარიანი რადიო „მარნეულის“ სახელით თანასოფლელებს გაესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შეშა გაუთავდა, ახლის მოტანის ნებართვა კი არ აქვთ.

ფოტოს ავტორი: ანნა ტანდარიანი

ანნა გვიყვება, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოჯახს მთავრობის მიერ გამოყოფილი შეშის მარაგი ამოეწურა გათბობის ერთადერთი საშუალება კანონდარღვევაა.

„ვისაც ცხენი, ან ვირი ჰყავს ტყეში მიდის და შეშის ნარჩენებს აგროვებს. თან ჩვენი ტყეები არც ისე დიდია. მთის ერთი მხარე საქართველოს ტერიტორიაა, ხოლო მეორე სომხეთის, ასე რომ მესაზღვრეებიც ხშირად მოძრაობენ“ - გვეუბნება ანნა ტანდარიანი

დღემდე სოფელ ახკერპის მოსახლეობა სახლის გასათბობად ან თუნდაც საჭმლის გასაკეთებლად შეშის ღუმელს იყენებს.

სახელმწიფო ელექტრო-ენერგიაზე სამთვიანი შეღავათი გააკეთა. ამ ფაქტით ადგილობრივების უმეტესობა კმაყოფილია, რადგან სოფელში, სადაც დენზე მომუშავე ბევრ ტექნიკას არ იყენებენ, 200 კილოვატზე მეტ ელექტროენეგიას ვერ დახარჯავენ. მთავრობამ შეღავათები დააწესა ბუნებრივ აირზეც, მაგრამ ეს ახკერპელებს არ ეხებათ, სოფელში გაზი არაა.

„გაზი არ გვაქვს, შეშა კი დაგვიმთავდა. ჯერ ცივა, სახლში ორ ღუმელს ვანთებთ“, - ამბობს სოფელ ახკერპის ერთ-ერთი მცხოვრები.

ფოტოს ავტორი: ანნა ტანდარიანი

ამასთან, ხოჯორნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენელი არსენ ახვერდიანი აცხადებს, რომ შეშის ვაუჩერის გამოწერა რთული პროცედურაა და აჯობებს, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი უფრო მეტად აუნაზღაურონ, ვიდრე რესურსები შეშის ვაუჩერების გამოწერაში დახარჯონ.

„ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში 10-15% 200 კილოვატზე მეტ ელექტროენეგიას ხარჯავს, ამ ხალხთან მიმართებაში ცუდია რომ ვერ მიიღებენ ანაზღაურებას“, - თქვა ახვერდიანმა

როგორც რადიო „მარნეულის“ მარნეულის მერიის ცხელ ხაზზე დარეკვისას უთხრეს, ამ ეტაპზე მაღალმთიანი სოფლებისათვის დამატებითი დახმარების პროგრამებზე არ უმსჯელიათ.

მარნეულის საკარანტინო შტაბის ხელმძღანელის სოზარ სუბარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ მაღალმთიანი სოფლებისათვის შეშით დახმარება არ იგეგმება, რადგან სამინისტრო ამ ეტაპზე საგაზაფხულო სამუშაოებზეა ორიენტირებული. რაც შეეხება დახმარებებს, რომელსაც მარნეულის მერია გასცემს, ის ახკერპელებზეც ისევე გავრცელდება, როგორც დანარჩენ მარნეულელებზე.

რადიო "მარნეული"

გარეკანის ფოტო: ანნა ტანდარიანი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია