მოსწავლეების გარეშე დარეკილი ზარი და მონატრებული სკოლის სანახავად წასული მასწავლებელი
ორ თვეზე მეტია, რაც ზვიად ფიფიას საკლასო ოთახში გაკვეთილი არ ჩაუტარებია. კორონავირუსმა ჩვეული რიტმი სკოლებში 2 მარტს დაარღვია და საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. როგორც კაჩაგნის სკოლის მასწავლებელი ამბობს, მონატრებას ვეღარ გაუძლო და დილაადრიან სკოლის გზას დაადგა.



„ვერანაირად ვეღარ მოვითმინე,  ძალიან მინდოდა რაღაცნაირად მშობლიური, ძვირფასი სკოლა რომ მომენახულებინა და თუნდაც,  შორიდან მენახა ადამიანები. როგორც ადრე, ახლაც დილაუთენია გავედი კაჩაგანში წასასვლელად. ტრანსპორტი არ იყო, ბევრი ველოდე და შემდეგ გამოჩნდა კაჩაგანში მიმავალი ტაქსი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს 10 წელი არ ვყოფილვარ სკოლაში. სკოლას როგორც კი მივუახლოვდი სხვანაირად ამიძგერდა გული. შემზარავი იყო ბოქლომდადებული ჭიშკარი. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და მას ბავშვები აცოცხლებენ. მათ გარეშე არ არის სკოლა ის საყვარელი ადგილი, რასაც მასწავლებლები მივეჩვიეთ“



ზვიად ფიფიას კაჩაგნის საჯარო სკოლის დერეფანში ხმაური შემოესმა.  აღმოჩნდა, რომ ვერც რამდენიმე მასწავლებელს გაეძლო სკოლის გარეშე და ყველანი ერთად პატარა მიწის ნაკვეთის გაწმენდას და ყვავილების დარგვას შეუდგნენ.

„მეორე შესასვლელი დამხვდა ღია და ჩემი კოლეგებიც დავინახე. ვერც მათ გაძლეს სახლში და ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით. შესეული იყვნენ სკოლის ბაღს და სარეველისგან ასუფთავებდნენ. მერე დერეფანში დავდიოდი და ზარიც კი დავრეკე. ისეთი სანახაობა იყო..უცებ მასწავლებლები გაჩერდნენ და ყველას თვალები აუწყლიანდა“

ქართული ენის პედაგოგი, ზვიად ფიფია გვეუბნება, რომ სოფელში ჩასულმა საკუთარი მოსწავლეც დაინახა.  ერთმანეთი შორიდან მოიკითხსეს და დღევანდელ რეალობას შეჩვეულებმა დისტანცია დაიცვეს. როგორც პედაგოგი ამბობს, სკოლის ყველა ცარიელ კლასში შეიხედა და ხელთავიდან შეისწავლა დაწესებულება, რომლიც  მონატრებამდე კიდევ ბევრ ხანს გაჰყვება.



მანამდე კი ზვიადი მოსწავლეებისათვის განათლების მიღებას აგრძელებს და ყოველდღიურად გაკვეთილებს დისტანციურ რეჟიმში ატარებს.

ფოტოები: ზვიად ფიფია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები